27 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
მთავრობას ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს - გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლების გამო, ხელისუფლება თვლის, რომ ზედმეტი თანხა სხვადასხვა მიმართულებაზე უნდა გადანაწილდეს

ექსპორტის ზრდა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც სამჯერ აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი მატება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც ეკონომიკური ზრდის გარანტორია.

ბოლო შვიდი თვის განმავლობაში საქართველოში დაგეგმილზე ბევრად მეტი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10.3% დაფიქსირდა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით შეიცვალა ეკონომიკური პარამეტრების წლიური პროგნოზი და რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 6%-ის ნაცვლად, 8.5%-ით განისაზღვრა.

მთავარმა ფინანსურმა დოკუმენტმა საპარლამენტო განხილვა უნდა გაიაროს. დეპუტატები ბიუჯეტის პარამეტრებს, საფინანსო უწყებიდან ელოდებიან. იქამდე, ვიდრე დოკუმენტს დეტალურად გაეცნობიან, საპარალამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი შენიშვნები უკვე მომზადებული აქვთ.

კორექტირებულ ბიუჯეტში, გამოთავისუფლებული თანხები სხვადასხვა უწყების დაფინანსების ზრდას მოხმარდება. მაგალითად მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დამატებით 200 მილიონი ლარი გამოიყოფა. თავდაცვის ბიუჯეტს 80 მილიონი დაემატება. სამაშველო ვერტმფრენის შეძენისთვის 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პოლიციელების სოციალური საჭიროებებისთვის 20 მილიონი დაიხარჯება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბიუჯეტი სრულად პასუხობს მოსახლეობის საჭიროებებს.

პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლები საგარეო სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდამაც განაპირობა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დათვალა, რომ 2022 წლის იანვარ-აგვისტოში სავაჭრო ბრუნვამ 11. 936.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 36.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 571.3 მილიონი, ხოლო იმპორტი 8 364.7 მილიონი დოლარი იყო.

ფინანსთა სამინისტრო მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკანონმდებლო ორგანოში ხვალ გააგზავნის.

დღის ამბები