27 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
ომი რუსეთთან თუ გრძელვადიანი მშვიდობა - კიევის კიდევ ერთი მოწოდებას, რომ საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე მეორე ფრონტი გახსნას, "ქართული ოცნება" ოპონენტებს უკავშირებს 

უკრაინელი დეპუტატის, რადას თავდაცვის კომიტეტის წევრის ფიოდორ ​ვენისლავსკის გუშინდელი განცხადება, რომ საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე მეორე ფრონტი გახსნას, ქართულ პოლიტიკაში დღესაც განხილვის თემაა.

მორიგ მოწოდებას კიევიდან მმართველი გუნდის ლიდერი საქართველოს ომში ჩართვის გაცხადებულ სურვილს უწოდებს. ირაკლი კობახიძის აზრით, ვენისლავსკი კიევისა და ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილის სურვილს ახმოვანებს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოპონენტებს ომზე საზოგადოებასთან ღიად საუბარს ურჩევს.

​ვენისლავსკის კრიტიკა დღეს ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არ ისურვა. პოლიტიკოსები ფრონტის ხაზზე უკრაინის წარმატებას საქართველოს შანსს უწოდებენ. ამბობენ, რომ ომი არ სურთ. თუმცა, პრობლემას არა კიევის პოზიციაში, არამედ საქართველოს შესაძლებლობებში ხედავენ.

ტერიტორიული მთლიანობის სამხედრო გზით აღდგენას კატეგორიულად მიუღებლად თვლის "გირჩი". პარტია დღეს ერთადერთი იყო ოპოზიციიდან, რომელმაც უკრაინელი კოლეგა გააკრიტიკა. პოლიტიკურ ცენტრში ფიქრობენ, რომ დეოკუპაცია აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან მშვიდობიანი სამომავლო თანაცხოვრების პერსპექტივით უნდა მოხდეს.

კოორდინირებული ქმედება საქართველოს ინტერესების საზიანოდ - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. კანონმდებლები ქართველი და უკრაინელი კოლეგების მოქმედებებში საქართველოს ომში ჩათრევის გაცხადებულ სურვილს ხედავენ. მათი თქმით, პროვოკაციული საუბრები ქვეყანაში დესტრუქციული ფონის შექმნას ემსახურება, რაც ხელს მხოლოდ საქართველოს მტრებს აძლევს.

ფიოდორ ვენისლავსკი პირველი არაა, ვინც უკრაინიდან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სასწრაფო დეოკუპაციისკენ საქართველოს ღიად მოუწოდებს. რადას თავდაცვის კომიტეტის წევრამდე, ომში მყოფი ქვეყნიდან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. "გასეირნება" არაერთმა მაღალჩინოსანმა ურჩია.


დღის ამბები