27 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
2024 წელს საქართველოს უმეტეს ნაწილში არჩევნები შესაძლოა ელექტრონულად ჩატარდეს

2024 წელს საქართველოს უმეტეს ნაწილში არჩევნები შესაძლოა ელექტრონულად ჩატარდეს. საუბარია საარჩევნო უბნების მინიმუმ 70 პროცენტზე. საქმე არ ეხება დისტანციურად, სახლიდან ხმის მიცემას. "ოცნების" ინიციატივა ელექტრონული აპარატურით ამომრჩეველთა რეგისტრაციას და უბანზე ხმის ელექტრონული წესით მიცემას ითვალისწინებს. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ახალი ტექნოლოგია ორ მთავარ რისკს დააზღვევს: ბათილ ბიულეტენებს და ოქმებში დისბალანსს. ახალი ინიციატივით, არჩევნების შედეგები, საზოგადოებისთვის, ცნობილი უბნების დახურვიდან რამდენიმე წუთში გახდება.

ოპოზიცია ინიციატივას ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდა, თუმცა არიან სკეპტიკოსებიც.
ერთი ნაწილი ამბობს, რომ არჩევნების მიმართ ნდობას მხოლოდ ტექნოლოგიები არ განაპირობებს და სხვა რისკებიც დასაზღვევია. მეორე ნაწილი კი ინიციატივას ღიად ემხრობა, მათ შორის არიან "მოქალაქეები".

მმართველმა გუნდმა ელექტრონული ფორმით არჩევნების ჩატარება მცირე მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე გამოსცადა, კიდევ ერთი ტესტი ამ ახალ ფორმას სენაკის შუალედურ არჩევნებზე ელის.

საკითხზე, საკანონმდებლო ორგანოში აქტიური მსჯელობა კანონპროექტის ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყება, მანამდე მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარება ოპოზიციას მანიპულაციისთვის სივრცეს აღარ დაუტოვებს.

საარჩევნო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ცვლილება ხორციელდება, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. ამ მიმართულებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, და უახლოეს მომავალში, ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების ინიციატივას კანონპროექტის სახეს მისცემს.

დღის ამბები