27 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე, "კურიერმა" ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მოიპოვა - საქმეზე ბრალდებულებიდან 3 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

სისხლიანი ტანსაცმელი და მკვლელობის იარაღი, დანა - "კურიერის" მიერ მოპოვებულ ფოტოზე, 20 წლის მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი ჩანს, რომელიც სავარაუდოდ მიმალვას ცდილობს. ფოტო ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული, მას შემდეგ, რაც 20 წლის ახალგაზრდას ჩხუბის დროს, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ფოტო, რომელიც ახლა ჯიჯეიშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, მისმა მეგობარმა გიორგი კუჭავამ გადაიღო. ბრალდებული კუჭავა ამტკიცებს, რომ ფოტოს გადაღების დროს, სისხლი და დანა არ შეუმჩნევია და არც მომხდარის შესახებ იცოდა.

8 პირის საქმიდან განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ჯიჯეიშვილი ერთადერთი იყო, ვისაც დღეს პატიმრობის გირაოთი შეცვლა არ მოუთხოვია. ის ბრალს არ აღიარებს და მომხდარის საკუთარი ვერსია აქვს.

მათ, ვინც გამოძიებასთან ითანამშრომლა, მოსამართლემ პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა, დანარჩენ ორს კი, გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრეს.

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებამდე ბრალდებულებმა პოზიცია დააფიქსირეს. 3 მათგანს ხულიგნობას, 2-ს კი დანაშაულის შეუტყობინებლობასა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან. წარდგენილ მუხლებში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, თუმცა ბრალდებულებმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაციაც მიაწოდეს და პროკურორი ხუთივე მათგანის გათავისუფლებას დაეთანხმა.

ნასვამ ახალგაზრდებს შორის დაწყებულ ჩხუბს 20 წლის მირიან კუკავას სიცოცხლე 28 ივლისს ემსხვერპლა. მკვლელობის ბრალდებით, დავით ჯიჯეიშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს მიტოვებულ სახლში იმალებოდა, მეორე დღეს დააკავეს. 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 ოქტომბერს დაიწყება.

დღის ამბები