თითქმის 9 საათიანი ორმხრივი სროლის შემდეგ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლი შეწყვიტეს. მანამდე კი მთელი ღამის განმავლობაში საზღვრისპირა ზონაში ორივე მხარე მძიმე შეიარაღებას იყენებდა.
ცეცხლის გახსნაში ერევანი ბაქოს ადანაშაულებს. სომხეთში აცხადებენ, რომ გვიან ღამით აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა მათ სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს.
შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან მალევე ნიკოლ ფაშინიანი დახმარებისთვის ემანუელ მაკრონს, ვლადიმერ პუტინს და ენტონი ბლინკენს დაუკავშირდა. სატელეფონო საუბრის შემდეგ ოფიციალურმა ერევანმა გაეროს და კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა. მსხვერპლის შესახებ ცნობები სომხეთს პრემიერმა დილის 11 საათზე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაასაჯაროვა.
ოფიციალური ბაქოს ცნობით, კი ღამის საათებში სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა საზღვრის და გზის დანაღმვა დაიწყეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არაერთი მოწოდების მიუხედავად პროცესი მაინც გაგრძელდა, რის შემდეგაც სომხეთმა მძიმე შეიარაღებით იერიში არამხოლოდ დაშქესანში, ლაჩინსა და კალბაჯარში მდებარე სამხედრო ობიექტებზე მიიტანა, არამედ ცეცხლი სამოქალაქო ობიექტებსაც გაუხსნა.
სომხეთის ქმედებას პროვოკაციული უწოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში. ცეცხლის შეწყვეტისკენ მხარეებს ენტონი ბლინკენმაც მოუწოდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა დაგმო. ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა ბაქოს და ერევანს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა.
დღესვე ირაკლი ღარიბაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სომხეთის პრემიერის ინიციატივით სატელეფონო საუბარი შედგა. ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობა პერიოდულად იზრდება. ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღის განმავლობაში გაგრძელდა.