ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან 5 სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო, ამას კი წინ უძღვოდა დაკავებულთა მიერ განმეორებითი ჩვენების მიცემა. მათ გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.
მკვლელობის საქმეზე სულ სამი პირი დარჩა პატიმრობაში, საიდანაც ერთს მირიან კუკავას განზრახ მკვლელობას, ორს კი ხულიგნობას ედავებიან. მკვლელობისთვის დაკავებულის ორი მეგობარი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და სწორედ ამიტომ, მათი გათავისუფლების შუამდგომლობას პროკურატურაც არ დათანხმებია.
სასამართლოდან გათავისუფლებულმა პირები მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლნენ, ისინი ამბობენ, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ხუთივე მათგანი 10-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ბრალდებულ რატი ჩაჩანიძის ადვოკატი, შოთა მანელიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან კონკრეტულ, ეზოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მისი თქმით, რატი ჩაჩანიძე უშუალოდ გარდაცვლილ მირიან კუკავასთან შემხებლობაში არ ყოფილა.
"რატიმ მიუთითა იმ კონკრეტულ კრიტერიუმზე, იმ კონკრეტულ გარემოებაზე, რასთანაც მას შემხებლობა ჰქონდა. რატის ედავებიან მხოლოდ კონკრეტულ ეპიზოდზე, ეზოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რასთან მიმართებაშიც გარდაცვლილი კუკავა შემხებლობაში არ არის და და შემიძლია ვთქვა რომ შემდგომში განვითარებულ თემატიკასთან მიმართებაში არც კონკრეტული ინფორმაცია და არც შემხებლობა არ გააჩნია," - აცხადებს ადვოკატი.
საქმის პროკურორის, ნიკოლოზ სანიკიძის თქმით, ბრალდებულების აღმკვეთი ღონისძიების ფორმის შეცვლის მიზეზი მათ მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობა გახდა.
"რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ პირს, ასევე ორ ბრალდებულ პირს, რომლებსაც ბრალი ედებათ ჯგუფური ხულიგნობისათვის და რომლებიც დღემდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, მათ მიმართ ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო რომ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების ფორმა, პატიმრობა, დარჩეს ძალაში. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ 5 პირს, რომელთაგანაც 3-ს ბრალად ედება ჯგუფური ხულიგნობა, ხოლო 2 პირს ცრუ ინფორმაციის მიწოდება და დანაშაულის შეუტყობინებლობა, ამ ბრალდებულებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ამ საფუძვლით მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლას ბრალდებამ მხარი დაუჭირა," - თქვა პროკურორმა.
დღეს გაიზარდა საგამოძიებო ვადაც და საქმის არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 ოქტომბერს ჩაინიშნა.