27 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
დირსის დასახლებაში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ნაფიცი მსაჯულები აღარ გაასამართლებენ - გრიგოლ დოჩიას განზრახ მკვლელობის მუხლი მოუხსნეს

დირსის დასახლებაში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ნაფიცი მსაჯულები აღარ გაასამართლებენ - ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი. ერთ-ერთი მიზეზი, გრიგოლ დოჩიასთვის განზრახ მკვლელობის მუხლის მოხსნაა, დაზუსტდა თუ რას ედავებიან ბრალდებულს. შეიცვალა მოსამართლეც.

დანაშაული, მიმდინარე წლის აპრილში მოხდა, დაკავებულია ორი პირი. 38 წლის გრიგოლ დოჩიას მკვლელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჭრილობა ოთხ პირს, მათ შორის, არასრულწლოვანს მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ერთი პირი, არასრულწლოვნის მამა გარდაიცვალა. გრიგოლ დოჩიასთან ერთად დაკავებულია მისი ნათესავიც, ილია აბლოთიას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებენ ბრალს. ორივე მათგანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

"საქმეში წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებები, როგორც ვიდეო მასალა, ასევე ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, გრიგოლ დოჩიას მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ფაქტზე. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში დაზუსტდა ბრალი და კვალიფიკაცია განისაზღვრა 19-109 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით რაც გულისხმობს, წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობას. ასევე მესამე ნაწილი "ა" ქვეპუნქტით რაც გულისხმობს ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობის მცდელობას," - აცახდებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

რაც შეეხება უფლებადამცველის განცხადებას. სულხან კომახიძის თქმით, პროკურორმა თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. 

"ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ ეს საქმე არ განეხილათ ნაფიც მსაჯულებს, ზუსტად ამიტომ პროკურორმა მოძებნა პროცესში მუხლი და ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება. მოუხსნა ადამიანს 108 მუხლი, როცა ადამიანი გარდაცვლილია, რომ მისი საქმე არ განიხილოს ნაფიცმა მსაჯულებმა," - აცხადებს ადვოკატი სულხან კომახიძე.

დღის ამბები