27 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
"ეს არის იმ ძველი პოლიტიკის გაგრძელება, რომ რამენაირად საქართველო პროვოცირებული იქნას და ჩაერთოს მძიმე სამხედრო პროვოკაციაში" - ირაკლი ქადაგიშვილი 

უკრაინის თავდაცვის და დაზვერვის კომიტეტის წევრის მოწოდებასთან დაკავშირებით თბილისში შეფასებები გრძელდება.  მმართველი გუნდი ფიოდორ ვენისლავსკის განცხადებას პროვოკაციად აფასებს. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ მოწოდება იმის თაობაზე, რომ საქართველო ომში უნდა ჩაერთოს ან გახდეს უკრაინის სარტყელი, მტრული შინაარსის განცხადებებია.

"ნებისმიერ მოწოდებები საქართველოს ომში ჩართვაზე, იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს უკრაინის სარტყელი, ან უნდა შევეხიდოთ გვამებში, არის მტრული განცხადება. სამწუხაროდ, ამ განცხადებას აკეთებენ როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ისევე ცალკეული მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობიდან, რაც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში არამხოლოდ დამაზიანებელია, არამედ პირიქით, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს მსგავსი რიტორიკა და განცხადებები. მაგრამ, ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, მიუხედავად იმის, რომ ეს მცდელობები მათი მხრიდან არ ნელდება ჩვენ შევინარჩუნეთ და კვლავაც შევინარჩუნებთ უსაფრთხოებას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი მიერ გაკეთებულ განცხადებას პროვოკაციულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს არის ძველი პოლიტიკის გაგრძელება, რომ რამენაირად საქართველო პროვოცირებული იქნას და ჩაერთოს მძიმე სამხედრო პროვოკაციაში.

"ეს არის იმ ძველი პოლიტიკის გაგრძელება, რომ რამენაირად საქართველო პროვოცირებული იქნას და ჩაერთოს მძიმე სამხედრო პროვოკაციაში. პოზიცია აქაც აცდენილია თავის ქვეყნის ფუნდამენტალურ ინტერესებს. ესეთ პროვოკაციულ განცხადებაზე ნორმალური რეაგირების უნარიც კი არ გააჩნიათ. მხოლოდ და მხოლოდ მუდმივი დადანაშაულების რეჟიმში არიან, რომ ქვეყანა რამენაირად დააზიანონ, ან პროვოკაციულად ომში შეიყვანონ ან სანქციების რეჟიმში მოაქციონ. ანუ რაღაც ისეთი გასაჭირი დაემართოს ამ ქვეყანას, რომ მთავრობა აღმოჩნდეს დამნაშავე და მათი აზრით, ისინი ღირსნი ხელისუფლებაში მოტრიალების,“ - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

ფიოდორ ვენისლავსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ახლა ქართველ ხალხს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულონ ხელისუფლება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთის და ცხინვალის დეოკუპაციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, რუსეთი ახლა სრულიად კონცენტრირებულია უკრაინის საკითხით და თუ საქართველოს ხელისუფლებას ექნება სურვილი, მას შეუძლია გაათავისუფლოს ქვეყნის ტერიტორიები.

დღის ამბები