ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გერმანიის ელჩს საქართველოში პეტერ ფიშერს და გერმანიის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ქართულ-გერმანული თანამშრომლობის საკითხები.
დღესვე რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და ფინანსთა სამინისტროს შორის ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს პროექტისთვის "მდგრადი ურბანული მობილობა". შეთანხმებებით გათვალისწინებულია რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ 47 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხის, ასევე, 1.5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფა.
პროექტი ითვალისწინებს ურბანული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებას, კერძოდ, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემისა და თბილისის სატრანზიტო დერეფნების მოწყობას. პროექტის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
"ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის მომსწრენი გავხდით დღეს. შეთანხმება გულისხმობს 47 მილიონი ევროს გამოყოფას ქ. თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის ხელშესაწყობად. მასში მოიაზრება ასევე მდგრადი ურბანული განვითარებაც. სესხთან ერთად გერმანიის მიერ გრანტის სახით 1.5 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი დამატებით," - აცხადებს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი.