27 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
"ომის მოწოდება ეს განცხადება არ არის" - რადას დეპუტატის განცხადებას ოპოზიციაში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა

უკრაინის თავდაცვის და დაზვერვის კომიტეტის წევრის მოწოდება თბილისში კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციის ნაწილი რადას დეპუტატის განცხადებაში პრობლემას ვერ ხედავს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს განცხადება ომისკენ მოწოდებას არ ნიშნავს. 

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ნებისმიერ უკრაინელს შეუძლია ისაუბროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. 

"როგორც მე ვლაპარაკობ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე, ისე უკრაინელს შეუძლია ილაპარაკოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. არაფერი ომის მოწოდება ეს განცხადება არ არის. მე უფრო მეტსაც გეტყვით, დადგება დრო ახლო მომავალში, როცა ჩვენ გავუთხრით სამარეს პრო რუსულ ქართულ ოცნებას და ახალი ხელისუფლება, ვინც მოვალთ ამ ქვეყანაში, აღვადგენთ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას," - ამბობს გიორგი ვაშაძე.

განცხადება ამ საკითხზე გააკეთა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა.  

"ქართული ოცნება ძალიან დიდი ხანია ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ცხადია, დღეს როდესაც ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა, მათ შორის ენერგო უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროკავშირისთვის და დასავლეთისთვის საკვანძოა, არავის არ სჭირდება რაიმე დამატებითი პრობლემების გაჩენა რეგიონში," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი ომის მოწოდებად არ მიიჩნევს უკრაინის თავდაცვის და დაზვერვის კომიტეტის წევრის განცხადებას და ფიქრობს, რომ ეს ფიოდორ ვენისლავსკის პირადი მოსაზრებაა. 

"ეს არის რადას ერთ-ერთი წევრის პირადი მოსაზრება, ბუნებრივია ეს ომის მოწოდებად არ განიხილება  და ჩვენ ხო ვიცით რეალურად, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველო დღეს არც ეკონომიკურად, არც დიპლომატიურად, არც სამხედრო თვალსაზრისით არ არის მზად რომ მოახდინოს ტერიტორიების დეოკუპაცია. იმიტომ რომ რეალურად, ქართული ოცნება წარმოადგენს ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის ინტერესებს და რუსულ ოცნებას," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

ფიოდორ ვენისლავსკის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას მცდარს უწოდებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "გირჩი". ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით უნდა მოხდეს და ომის დაწყება დაუშვებელია. 

"ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ დეოკუპაცია მოხდეს მშვიდობიანი გზით და თუ რუსეთი როცა დამარცხება უკრაინასთან ომში და დასუსტებული იქნება, ჩვენ გაგვიჩნდება უბრალოდ, თუ მზად ვიქნებით, ბევრი დიპლომატიური გზა, როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს. ამისთვის საერთოდ არ არის საჭირო ომი დავიწყოთ და მით უმეტეს, გადავხაზოთ ყველა ის ჩვენი ქმედება დიპლომატიურ ფრონტზე, რაც ამ წლების განმავლობაში იყო გაკეთებული," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ფიოდორ ვენისლავსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ახლა ქართველ ხალხს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულონ ხელისუფლება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთის და ცხინვალის დეოკუპაციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, რუსეთი ახლა სრულიად კონცენტრირებულია უკრაინის საკითხით და თუ საქართველოს ხელისუფლებას ექნება სურვილი, მას შეუძლია გაათავისუფლოს ქვეყნის ტერიტორიები.

დღის ამბები