ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის საჯარო აღსარება - გოგა გზირიშვილმა დღეს სასამართლოს წინაშე პირველად აღიარა, რომ ორსული მეუღლე სიცოცხლეს განსაკუთრებული სისასტიკით გამოასალმა და ქეთი კეპულაძეს დანით 30 ჭრილობა მიაყენა. დედასთან ერთად დაიღუპა ბავშვიც.
ბრალდებული სასამართლო სხდომაზე დღეს თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს და არ ახსოვს მომენტი, როდესაც ორსულ ცოლს დანა 30-ჯერ ჩაარტყა. 23 წლის მამაკაცი 22 წლის ცოლის მკვლელობას ნარკოტიკებს და ალკოჰოლს უკავშირებს.
"სანამ ჯანსაღ გონებაზე ვიყავი, კარგი ურთიერთობა გვქონდა, ურთიერთობა არ შეცვლილა, მე შევიცვალე, არაადეკვატური ვიყავი, ფსიქიკური პრობლემები მქონდა, ნორმალურად, როგორც შემეფერებოდა, ისე არ ვიქცეოდი.
ქეთა მეხმარებოდა, ცდილობდა, რომ კარგად ვყოფილიყავი, ექიმთან რომ დავდიოდი, წამლებს მასმევდა. საწყობში ვმუშაობდი, მერე ჯანმრთელობის გამო ვერ ვმუშაობდი - ნარკოტიკების გამო, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკს მოვიხმარდი დიდი პერიოდის განმავლობაში, ბოლო პერიოდში, მოვუხშირე და ფხიზელი აღარ ვიყავი, სასმელს თავი დავანებე და ნარკოტიკზე გადავედი, ხან ყავაში ვისხამდი ნარკოტიკებს, ხან ჩაიში, ხან ლუდში.
ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებსაც ვიღებდი და სხვა რამესაც. უთანხმოება რამ გამოიწვია ვერ ვიხსენებ, ეჭვიანობა არ გვქონია, ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, მის ახლობლებსაც კითხეთ. ციხეში უფრო დავლაგდი, ნარკოტიკებს რომ არ ვიღებ, წამლებს ზომიერად მასმევენ," - განაცხადა სასამართლო სხდომაზე გზირიშვილმა.
უშუალოდ მკვლელობის მომენტზე ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ვერ მოყვება, რადგან არ ახსოვს.
"რომ დავარტყი, არ მახსოვს, დანით რომ მოხდა კი, ხელი მქონდა გაჭრილი, მივხვდი, რომ მკვლელობა ჩავიდინე და გავაანალიზე, რომ პირველ რიგში, პოლიცია უნდა გამომეძახებინა. ნორმალურად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რამეს გავაკეთებდი? ამპულებით ვსვამდი "დიმედროლს". მარიხუანას 3 წელი ვიღებდი, შემდეგ სხვადასხვა ნარკოტიკს. მეჩვენებოდა რაღაცები, რომ კაკუნი იყო და რომ გავაღებდი კარს, გარეთ არავინ იყო. ფსიქიატრიულში მამამ წამიყვანა, ერთად ვიყავით, ექიმმა წამლები გამომიწერა და ვსვამდი," - განაცხადა გზირიშვილმა.
ქმარმა ფეხმძიმე ცოლი თბილისში განსაკუთრებული სისასტიკით 22 დეკემბერს მოკლა. გახმაურებული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 სექტემბერს მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. სასამართლოში ჩვენებების მიცემას მოკლული ქალის ახლობლებიც აპირებენ.