პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთების და დანაშაულის მონაწილეების წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს. მკვლელობის შემსრულებლების, აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის შემდეგ, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ბრალდებულის სკამზე - გამოძიება არ აკონკრეტებს. პროკურორი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ სხვა საქმეზე დაკავებული ძმები დათა და გუგა კაკულიები კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გამოკითხეს.
ციხეში მიცემული ჩვენების შინაარსი იცის ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატმა. დაზარალებული მხარე ელოდება, რომ კაკულიებს ბრალს უახლოეს მომავალში წარუდგენენ.
კრიმინალურ სამყაროში ცნობილი ძმები ახლა ბრალდებულის სკამზე 27 მაისს, არაყიშვილის ქუჩაზე სერგო ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სხედან. ძმების ადვოკატები კვარაცხელიას საქმის ირგვლივ აღარ საუბრობენ. ბრალდებულები უარყოფენ სერგო ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებასაც.
საპირისპიროს ამბობს პროკურორი. ირკვევა, რომ სერგო ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმეში ბრალდებული ძმების წინააღმდეგ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები დევს. მათ შორის ჩანაწერი, რომელიც უშუალოდ სროლის ფაქტს ასახავს. სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევა შემდეგი სხდომიდან დაიწყება. დარბაზში აჩვენებენ ვიდეოჩანაწერსაც, რომელიც "კურიერმა" რამდენიმე თვის წინ ექსკლუზიურად მოიპოვა. კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ჩაფხუტებით შენიღბულები ძმები მზიურის ტერიტორიაზე, სერგო ქურთიაშვილის დაჭრიდან რამდენიმე წუთში.
გამოძიების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებული ძმები გასული წლის 15 სექტემბერსაც საქართველოში იყვნენ. სწორედ ამ დღეს მოკლეს ვერაზე 22 წლის ნიკო კვარაცხელია. რა კავშირი ჰქონდათ კაკულიებს დანაშაულთან და წარედგინებათ თუ არა მათ ახალი ბრალი - კითხვაზე ოფიციალურ პასუხს მოკლულის ოჯახი ახლა გამოძიებისგან ელოდება. უკვე წარდგენილი ბრალის საფუძველზე კი, ძმებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.