27 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ბოლო 7 თვის მანძილზე და 710 მილიონით შემცირებული ვალი - რა სახის ცვლილებები შევა ბიუჯეტში

ეკონომიკის ზრდის პარამეტრებზე დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც ქვეყანა ბოლო 7 თვეა, ორნიშნა მაჩვენებლს ინარჩუნებს. პრემიერის განცხადებით, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მსოფლიოში შექმნილი რისკებიდან გამომდინარე, საქართველომ ეკონომიკური მიმართულების გაუმჯობესება მოახერხა. მისივე თქმით, მონაცემები მთავრობის მხრიდან შემუშავებულ სწორ პოლიტიკაზე მიუთითებს.

პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირების საკითხს, მაღალი ეკონომიკური ზრდით ხსნის. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რაც დეფიციტისა და მთავრობის საგარეო ვალის შემცირებაზეა ორიენტირებული.

კორექტირებული ბიუჯეტიდან გამომდინარე, ფინანსთა უწყებაში ამბობენ, რომ მობილიზებული თანხებით შესაძლებელი გახდება სხვადასხვა უწყების დაფინანსების გაზრდა. ლაშა ხუციშვილმა დაასახელა რამდენიმე მიმართულება, რომლებიც დამატებით ათეულობით მილიონი ლარით დაფინანსდენბიან.

"დავიწყეთ წელს საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, რომლისთვისაც გამოიყოფა 40 მილიონი ლარი, ჯანდაცვის პროგრამებზე დამატებით გამოიყოფა კიდევ 80 მილიონი ლარი. თავდაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 80 მილიონი ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცებისთვის ბინების მშენებლობა და ასევე გაგრძელდება თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება. ასევე, სამაშველო ვერტმფრენის შესყიდვისთვის დამატებით გამოიყოფა 50 მილიონი ლარი," - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი განსახილველად საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. ოპოზიციის ნაწილისთვის არსებული პროექტი მიუღებელია და განხილვის პროცესში თავიანთ შენიშვნებსაც წარმოადგენენ. ნაწილი კი დოკუმენტში დეფიციტის შემცირების პოზიტიურობაზე საუბრობს.

ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტს ხვალ გადაეგზავნება.

დღის ამბები