27 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
ფიოდორ ვენისლავსკის მოწოდება - რას ურჩევს უკრაინის ხალხის მსახური ქართველ ხალხს და რას პასუხოებენ მას ქართველი პოლიტიკოსები

მორიგი მოწოდება მეორე ფრონტის გახსნისკენ უკრაინული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელმა ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის ეთერში გააჟღერა.

რადას დეპუტატი და თავდაცვის კომიტეტის წევრი ფიქრობს, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინის წარმატება საქართველოსთვის შანსია. ფიოდორ ვენისლავსკის თქმით, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა აიძულოს.

ვენისლავსკის განცხადება რომ რუსული ინტერესის არაპირდაპირი ლობირებაა, ამაზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში ისაუბრეს. მმართველი გუნდი უკრაინის ხელისუფლებისა და ქართული ოპოზიციის ნაწილის ქმედებას შეთანხმებულ ანტისახელმწიფოებრივ გეგმად მიიჩნევს. ვიცე-სპიკერის აზრით, რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოს ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალი გაზარდა, არეულობა კი ხელს სწორედ ოკუპანტს აძლევს.

ვენისლავსკის მოწოდება ოპოზიციიდან ცალსახად მხოლოდ "გირჩმა" დაგმო. პოლიტიკურ ცენტრში ნებისმიერი სახის შეიარაღებულ ქმედებას გაუმართლებლად მიიჩნევენ. ისინი ამბობენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ადგილობრივ მოსახლეობასთან მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველს უნდა აჩენდეს.

ომში ჩართვის მცდელობაზე საუბარი არ სურთ, თუმცა რადას დეპუტატის ღია კრიტიკისგან სხვა ოპოზიციურ პარტიებში თავს იკავებენ. დეპუტატები უკრაინაში მიმდინარე პროცესებს საქართველოს შანსს უწოდებენ, რომელიც ქვეყანამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა გამოიყენოს.

ოპოზიციის დიდ ნაწილს ფიოდორ ვენისლავსკის მსგავსად, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის სურვილში ადანაშაულებენ მმართველ პარტიაში. "ქართული ოცნება" ომში მყოფი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების ნაწილს ოპოზიციასთან ერთად საქართველოს ომში ჩართვისკენ მოწოდებებში დებს ბრალს. როგორც "ოცნებაში" ამბობენ, მიუხედავად მოწოდებებისა, საქართველოს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.

ფიოდორ ვენისლავსკი უკრაინის ხელისუფლებიდან პირველი არაა, ვინც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას ურჩევს. რადას დეპუტატამდე დაახლოებით მსგავსი განცხადებები, ალექსეი დანილოვმა, ალექსეი არესტოვიჩმა და დავით არახამიამაც გააკეთეს.

 

დღის ამბები