27 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
"ეს არის მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს გადასაწყვეტი" -  რა გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაში ვენისლავსკის განცხადებას 

მოწოდება კიდევ ერთი უკრაინელი ჩინოსნისგან - რადას დეპუტატი ფიოდორ ვენისლავსკი აცხადებს, რომ ახლა ქართველ ხალხს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულონ ხელისუფლება, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის დეოკუპაციასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რუსეთი ახლა სრულიად კონცენტრირებულია უკრაინის საკითხით და თუ საქართველოს ხელისუფლებას ექნება სურვილი, მას შეუძლია გაათავისუფლოს ქვეყნის ტერიტორიები.

უკრაინის თავდაცვის და დაზვერვის კომიტეტის წევრის განცხადება უკვე გახდა თბილისში პოლიტიკური დისკუსიის საგანი.

ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე ქვეყანამ საერთაშორისო დონეზე საკუთარი ძალისხმევა უფრო უნდა გააძლიეროს საკუთარი პოზიციები.

"ეს განცხადებაც და ნებისმიერი სხვა განცხადებაც რომ არ იყოს, იმ ფონზე, რაც ხდება, როდესაც უკრაინა ფაქტობრივად იმარჯვებს, როდესაც რუსეთი თანდათან სუსტდება და როდესაც უკრაინის გამარჯვება არის თვალშისაცემი, ამ ქვეყნის ეროვნული ხელისუფლება რასაც უნდა აკეთებდეს არის ის, რომ აძლიერებდეს საკუთარ ძალისხმევას საერთაშორისო დონეზე, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ქვეყნის დეოკუპაცია," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ანა წითლიძემ.

ამასთან, ოპოზიციის განცხადებით, საქართველო მხოლოდ მშვოდობიანი გზით დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. 

"უკრაინაში ომი როგორ დასრულდება, ძალიან დიდი გავლენა ექნება საქართველოზე. დიახ, საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზით კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რათა საბოლოოდ მივაღწიოთ შედეგს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ვიღაცა რაღაცა განცხადებას აკეთებს, ამ დეტალებში ნამდვილად არ შევალ. ეს არის მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს გადასაწყვეტი," - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ქვეყნის დიპლომატია იმაზეა აგებული, რომ მშვიდობიანი გზით დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ და მათ დასაბრუნებლად სხვა ვარიანტი უბრალოდ ვერ განიხილება. 

 

 



დღის ამბები