თბილისში ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა, სასამართლოში, მის მიერ ჩადენილი დანაშაული ფსიქიკური პრობლემებით ახსნა.
დაკავებულის უფლებადამცველის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული პირი არაადეკვატური და არამდგრადი ფსიქიკის მქონეა.
"მინდა გავამახვილო ყურადღება ამ ადამიანის ფსიქიკურ არამდგრადობაზე. ამ პიროვნების ქმედება, ქცევა არაადეკვატურია. ადეკვატური ადამიანის შთაბეჭდილებას ეს არ ტოვებს. როდესაც ეს პიროვნება ჩემთან ერთად იძლეოდა ჩვენებას მეხსიერებაზე, ვერ აზროვნებდა ადეკვატურად. ჩვენ სრულიად სამართლებრივ კაპიტულაციას ვუცხადებთ მომხდარ ფაქტს, მაგრამ რამდენად ადეკვატური იყო ეგ სერიოზული კითხვაა," - აცხადებს ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა.
ბრალდებულის უფლებადამცველისგან განსხვავებული პოზიცია აქვს საქმის პროკურორს. ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულს არ ჰქონდა ისეთი ფსიქიკური პრობლემა, რომ ვერ გაეკონტროლებინა თავისივე ქმედებები.
"საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ფაქტები რაც დავადგინეთ გამოძიების დროს და სასამართლოში გამოკვლევის დროს, ეწინააღმდეგება დღეს ბრალდებულის მოწოდებულ ინფორმაციას და მის ვერსიას, თითქოს ის ვერ აცნობიერებდა თავის ქმედებებს. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით არ არის დადგენილი, რომ ბრალდებულს გააჩნდა ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის გამოც ის ვერ აცნობიერებდა თავის ქმედებებს, მოცემულია მხოლოდ ისეთი სახის ინფორმაცია, რომ მას გარკვეული ფსიქიკური ნაკლი გააჩნდა, თუმცა მას ეს ხელს არ უშლიდა ეხელმძღვანელა თავისი ქმედებებისთვის და შესაბამისად, შეუძლია მას, რომ პასუხი აგოს. მისი ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება მხოლოდ სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად იყო გამოყენებული," - აცხადებს ლევან ჟორჟოლაძე.
ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით, ორსულ მეუღლეს ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.