27 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
ალექსანდრე დარახველიძე - საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ის მონაპოვარი, რაც მივიღეთ უვიზო მიმოსვლის მიმართულებით, მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანთან თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში - ნიკოლ დე მურთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის მონაპოვარი, რაც  ქვეყანამ მიიღო უვიზო მიმოსვლის მიმართულებით, მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული და ნებისმიერი ნაბიჯი იმ მიმართულებით იქნას გადადგმული, რომ ამ კუთხით რაიმე კითხვის ნიშანი არ არსებობდეს.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უვიზო მიმოსვლისა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით განხორციელებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტრომ გააფართოვა ატაშეების ქსელი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ისინი უკვე 19 ქვეყანას ფარავენ, კრიმინალიზებული გახდა საქართველოდან პირის, მიგრანტის ორგანიზებულად გაყვანა იმისათვის, რომ იგი უსაფუძვლოდ დარჩეს ევროპაში და მიიღოს გარკვეული  ტიპის ბენეფიტები, ასევე, აეროპორტებში დაინერგა გასვლის კონტროლის სისტემა.  

„რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის და ჩვენი მოქალაქის ვალია, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს და არ დავუშვათ ის თუნდაც მცირედი გადაცდომები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს. რაც შეეხება გადადგმულ ნაბიჯებს, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გავაფართოეთ ატაშეების ქსელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები უკვე 19 ქვეყანას ფარავენ, ასევე, კრიმინალიზებული გახდა საქართველოდან პირის, მიგრანტის ორგანიზებულად გაყვანა იმისათვის, რომ იგი უსაფუძვლოდ დარჩეს ევროპაში და მიიღოს გარკვეული  ტიპის ბენეფიტები. ჩვენ აეროპორტებში ავამოქმედეთ გასვლის კონტროლის სისტემა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი ოფიცრები ადგილზევე ამოწმებენ იმ საბუთებს, რაც, იდეაში, ევროპის აეროპორტებში უნდა შემოწმდეს და თუ დოკუმენტებში აღმოჩნდება დარღვევა, ან პირს აქვს გარკვეული აკრძალვები, ბუნებრივია, ხდება მისი რეისიდან მოხსნა და ვეღარ გაემგზავრება ევროპაში. 3000-ზე მეტ მოქალაქეს შეეზღუდა უკვე  ევროპის ქვეყნებში შესვლა.

გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ "ფრონტექსთან". "ფრონტექსის" ოფიცრები ჩვენს აეროპორტებში, ჩვენს კოლეგებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ თუ იქნება ნებისმიერი ტიპის ხარვეზები და  ეჭვები, რომ შესაძლოა, პირი, იმ სიკეთეს, რაზეც საუბარი იყო, იყენებდეს არასწორი მიზნებისათვის და ასე ვთქვათ, სხვა დაუსაბუთებელი მიზნებისათვის, ამ შემთხვევაში, დროულად მოხდეს მისი გამოსწორება.

შეხვედრის დროს დავსახეთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის გაგრძელების პერსპექტივები. ეს შეიძლება იყოს გარკვეულ წილად ინფორმაციის გაცვლა, ასევე, ოფიცრების გაგზავნა ბელგიაში, იმისათვის, რომ  ჩვენს კოლეგებს დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია, თუკი, ვთქვათ, ადგილი აქვს, იგივე, სახელის შეცვლას, გვარის შეცვლას, რასაც აქტიურად იყენებენ ევროპის ქვეყნებში შესასვლელად ჩვენი მოქალაქეები. ასევე, სხვადასხვა  მიმართულებით ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ საფრანგეთთან ამ კუთხით.  დაისახა გეგმა, რომ ბელგიასთანაც გაგრძელდეს ამ  კუთხით მუშაობა. ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ მილიონ ნახევარი ვიზიტიდან ძალიან მცირეა გადაცდომების რაოდენობა, ჩვენი საერთო ძალისხმევა და ერთობლივი მონდომება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ ეს რაოდენობაც კი მნიშვნელოვნად იქნას შემცირებული“,  - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.​

დღის ამბები