27 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
მეორე მსოფლიო ომი, ტექნოლოგიური განვითარება, ბრექსიტი, პანდემია... - დედოფალი, რომლის გარდაცვალებით 70-წლიანი ეპოქა დასრულდა

70-წლიანი ეპოქის დასასრული. ელისაბედ მეორე მოწმე იყო მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების დრამატული მოვლენების დიდ ბრიტანეთში და მთელს მსოფლიოში: მეორე მსოფლიო ომი, ცივი ომი და მისი დასასრული, თანამედროვე, ტექნოლოგიური განვითარების სამყარო და გამოწვევები, ბრექსიტი, პანდემია... ელისაბედ მეორე მთელი თავის ცხოვრების მანძილზე ხვდებოდა პლანეტის ყველა გავლენიან მმართველს, ყველა გმირსა და ანტიგმირს, რომლებმაც სამყარო შეცვალეს.

ტახტზე ყოფნის ხანგრძლივობით ყველა წინაპარს გაუსწრო, ეს მონაცემი კი მსოფლიო ისტორიის მასშტაბით სხვა ქვეყნის მონარქებს რომ შევადაროთ, მასზე დიდხანს ტახტზე მხოლოდ საფრანგეთის მეფე ლუი XIV იჯდა, ეს იყო 72 წელი. ელიზაბეტ მეორის ფიგურა აღქმული და აღიარებულია, როგორც ყველაზე ძლიერი ქალი მმართველის და მისი რეიტინგი, ფაქტობრივად, მმართველობის 70 წლის განმავლობაში, რადიკალურად არ დაცემულა, თუმცა დედოფალზე თხრობა უმჯობესია დავიწყოთ მის ტახტზე ასვლამდე, რადგან ელიზაბეტ მეორის ბიოგრაფიაში, ადრეულ პერიოდში არის ისეთი გადაწყვეტილებები, რამაც გაზარდა როგორც მის მიმართ ნდობის ხარისხი, ისე მისი სიძლიერე. როცა დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, იყო საკითხი წამოჭრილი იმასთან დაკავშირებით, რომ ელიზაბეტი და მისი და, მარგარეტი კანადაში გადაეყვანათ, რაზეც დედამ უარი განაცხადა და თქვა “ბავშვები უჩემოდ არ წავლენ, მე მეფის გარეშე არ წავალ, მეფე კი არასდროს წავა”.

ბუკინგემის სასახლე ომის განმავლობაში ცხრაჯერ დაიბომბა. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი 1940 წელს იყო როდესაც მეფე ჯორჯ მე-6 და მისი მეუღლე რეზიდენციაში იმყოფებოდნენ.

ომის დაწყების დროს ელიზაბეტი ჯერ მოზარდი, 13 წლის იყო, რადიო გადაცემაში"ბავშვთა საათის" პრინცესა ელიზაბეტმა თქვა: "ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავეხმაროთ ჩვენს გალანტურ მეზღვაურებს, ჯარისკაცებს და საჰაერო ძალებს და ასევე ვცდილობთ ავიტანოთ ჩვენი წილი ომის საშიშროებისა და მწუხარებისა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება“. ხოლო როდესაც 16 წლის შესრულდა ის დარეგისტრირდა და მალევე რეინჯერთა განყოფილების კომანდორი.
ის დღემდე რჩება სამეფო ოჯახის ერთადერთ ქალად, რომელის ჯარში მსახურებდა.

პრინცესა ელიზაბეტი 18 წლის ასაკში შეუერთდა ქალთა დანაყოფს და უმცროსი ოფიცერი გახდა. ისწავლა მანქანის მექანიკა და სატვირთო მანქანების მართვა. მართავდა სასწრაფო დახმარების მანქანასაც და მუშაობდა მექანიკოსად. მან ასევე ისწავლა საბურავის შეცვლა და ძრავის შეკეთება. მეფე ჯორჯმა იზრუნა იმაზე, რომ მის ქალიშვილსთვის არმიაში განსაკუთრებული პრივილეგიის წოდება არ მიენიჭებინათ, მეფე თავდაპირველად უარზე იყო რომ პრინცესას ჯარში ემსახურა, მაგრამ ელიზაბეტმა მამა დაარწმუნა მისი გადაწყვეტილების აუცილებლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ პრინცესა ელიზაბეტი არ მსახურობდა უშუალოდ საბრძოლო ველზე , მისი მოხალისეობა არ იყო რისკის გარეშე, სამეფო ოჯახის ამგვარი ჩართულობა ომში, მოქალაქეების გვერდით პრინცესის ყოფნა, ბუნებრივია, იყო მომავალში მის მიმართ სიყვარულის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი.

25 წლის იყო ელიზაბეტი, როდესაც აფრიკაში მოგზაურობისას გაიგო, რომ სახლში დაბრუნებულს დედოფლის გვირგვინი ელოდა. გაერთიანებული სამეფოს მონარქი ალბათ მსოფლიო ისტორიის განმავლობაში ყველაზე ცვალებად დროში იყო, მათ შორის იყო ცივი ომი, თუმცა, ამის მიუხედავად, ასეთ ტურბულენტურ დროშიც კი მოახერხა მონარქიისთვის აქტუალურობა შეენარჩუნებინა, ბრიტანეთში მონარქიული მმართველობა ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა, მოსახლეობის მხრიდან დადებითი განწყობები 60 პროცენტს არ ჩამოცდენილა. არის, ასევე, რამდენიმე ძალიან საინტერესო პროცენტული მაჩვენებელი. 1950 წელს თუ ბრიტანეთში ქალთა 26 პროცენტი მუშაობდა, რადგან იმ დროს ბრიტანეთშიც იყო აღქმა, რომ კაცები მუშაობდნენ, ქალები კი უმეტესად იყვნენ დიასახლისები, მისი მმართველობის პერიოდში, უკვე გასული წლისთვის 72 პროცენტს ქალებისას ჰქონდა სამსახური. მაგალითი თავად ელიზაბეტი იყო, რადგან ის იყო პრინცესა სამსახურით და შემდეგ უკვე დედოფალი.
თავად თავდაუზოგავად მუშაობდა, მეუღლის გარდაცვალების დროს დასასვენებლად მხოლოდ 4 დღე აიღო, მუდმივად ჰქონდა ოფიციალური შეხვედრები, 70 წლის განმავლობაში, უინსტონ ჩერჩილიდან დაწყებული, ლიზ ტრასით დასრულებული, 15 პრემიერ-მინისტრის დანიშვნა მოასწრო. მსოფლიოში კი რთულად მოიპოვება ლიდერი, რომელსაც დედოფალი არ შეხვედრია. ფაქტობრივად, მისი პირველი სიტყვით მიმართვა, სადაც ამბობდა, რომ "ყველას წინაშე ვაცხადებ, რომ ჩემი ცხოვრება, იქნება ის ხანმოკლე თუ გრძელი, მიეძღვნება თქვენს სამსახურს", შეასრულა.

ელიზაბეტი იყო პირველი, ვინც შორ მანძილზე სატელეფონო ზარი ოპერატორის გარეშე განახორციელა. პირველი მონარქი იყო, რომელმაც გააგზავნა იმეილი, ერთ-ერთი პირველი ვინც "დატვიტა". მასზე ფილმების სერიალების ჩამონათვალი არის ძალიან გრძელი, ფეხს უწყობდა ციფრულ ეპოქას და მუდმივად ფიგურირებდა ინოვაციური მოვლენების დროს, რამაც განაპირობა ის, რომ ელიზაბეტი მსოფლიოში ყველაზე ცნობად ფიგურად იქცა. გამოირჩეოდა სიმბოლოების პატივისცემით, ყველასთვის დასამახსოვრებელი იყო ლონდონის ოლიმპიადის გახსნა, სადაც ის ბრიტანეთის კიდევ ერთ სიმბოლოსთან, აგენტ 007-თან ერთად გამოჩნდა. ის ისტორიაში ყველაზე მოგზაური მონარქი იყო. თუმცა, გარდა პოლიტიკოსებისა, დედოფალი ტახტზე ყოფნის განმავლობაში, შეხვედრია ისეთ ვარსკვლავებს, როგორიცაა მერლინ მონრო, ფრენკ სინატრა, ბარბარა სტრეიზანდი,მერილ სტრიპი, ჯენიფერ ლოპესი, მადონა, პოლ მაკარტნი. 1997 წელს მაკარტნის დედოფალმა რაინდის წოდება მიანიჭა.

გარდა ამისა ყველაზე ხშირად იყო გამოსახული მონეტებსა და მარკებზე. ყოველთვის არსებობდა გარემოება რაც მას პოპულარობას უნარჩუნებდა, თუნდაც ეს არ ყოფილიყო დადებითი ინფორმაცია ან მოვლენა, მაგალითად, პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ მის მიმართ გაიზარდა უარყოფითი განწყობები, რადგან ხალხს ლედი დის თავისუფლება, მისი სტილი და პიროვნება ძალიან უყვარდა და ავტოკატასტროფაში მის გარდაცვალებაში სამეფო ოჯახს ადანაშაულებდნენ, მაშინ ბევრი იწერებოდა იმის შესახებაც, რომ ელიზაბეტის სიტყვა უემოციო იყო ლედი დის გარდაცვალების შესახებ, ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ. რადგან დაიანას რეიტინგმა ოჯახის ყველა წევრის რეიტინგს გაუსწრო, წერენ იმასაც, რომ პრინცესას გარდაცვალების შემდეგ სამეფო ოჯახის მიდგომა მოსახლეობის მიმართ თითქოს შეიცვალა და გახდა უფრო მეტად მეგობრული.

მის გამეფებამდე ბრიტანეთი იყო უფრო ტრადიციული. მისი მმართველობის დროს ერთნაირსქესიანთა ქორწინება თუ ადამიანის უფლებების მიმართ დამოკიდებულება ბევრად ლიბერალური გახდა.

ბიოგრაფები და დოკუმენტალისტები ბევრს წერენ მისი ხასიათის თვისებებზე, არასდროს არავინ იცოდა, რას ფიქრობდა, რას გადაწყვეტდა, ეს კი განაპირობებდა ასევე მის პოპულარობას.

ადრეულ ასაკში, ბავშვობისას ის საკუთარ თავს ლილიბეტს ეძახდა, ასევე ეძახდნენ ოჯახში, ლილიბეტიდან კი დედოფალ ელიზაბეტ მეორედ იქცა, რომელიც 52-ჯერ მოხვდა მსოფლიო ათეულში, როგორც ყველაზე პატივსაცემი ქალი.

მისი მმართველობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ერთის მხრივ, იყო განცდა, რომ ფრაზა "ღმერთო, დაიფარე დედოფალი" იქნებოდა მარადიული, თუმცა 70 წლის შემდეგ ისევ გაისმა "ღმერთო, დაიფარე მეფე", გაერთიანებულ სამეფოს უკვე ჰყავს ახალი მეფე, ჩარლზ მესამე და ახლა მთელი ყურადღება მისი ნაბიჯებისკენ იქნება. რაც შეეხება დედოფალს, მისი დაკრძალვის პროტოკოლი მის გარდაცვალებამდე უკვე გაწერილი იყო, ყოველი დღე დაგეგმილია, სამგლოვიარო პროცესიით დედოფლის ცხედარს ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში გადაასვენებენ - სწორედ აქ 19 სექტემბერს დაკრძალავენ.

დღის ამბები