27 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
ომბუდსმენის არჩევის წესის ცვლილება რომ გახდა დაპირისპირების წყარო, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არავინ აპირებს 12 პუნქტის შესრულებას - რაქვიაშვილი

საქართველოში მთავარ პოლიტიკურ საკითხი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება რჩება. რეკომენდაციების შესრულების ირგვლივ კი ისევ განსხვავებული პოლიტიკური განწყობაა. მმართველი გუნდის  ოპონენტები აცხადებენ, რომ ომბუდსმენის არჩევის წესის ცვლილების ირგვლივ განვითარებული პოლიტიკური პოზიციები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ არავინ არ აპირებს 12 პუნქტის შესრულებას.

"სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილება, არც კარგი იყო, არც ცუდი. ის, რომ ეს გახდა დამატებით დაპირისპირების წყარო, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არავინ აპირებს ამ 12 პუნქტის შესრულებას. არც "ქართული ოცნება" აპირებს თანამშრომლობას, არც ოპოზიცია. ამიტომ, საბოლოო  ჯამში, არ მგონია რამე კარგი გამოვიდეს ამ საკითხიდან. ზოგადად, 12 პუნქტს რაც ეხება, გარდა იმ პუნქტებისა, სადაც ძალიან მკაფიო თარიღებია ჩაწერილი იმ პუნქტების გარდა, არ მგონია რომელიმე პუნქტი ისე შესრულდეს, რომ ყველა კმაყოფილი აღმოვჩნდეთ,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

რეკომენდაციების შესრულებაზე და სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებაზე განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ოპოზიციაშიც. პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საპარლამენტო მდივანი ნანა გალდავა აცხადებს, რომ თუ მმართველი ძალა მხარს დაუჭერს "ლელოს" მიერ წარდგენილ შეთავაზებას, მაშინ ჩნდება შესაძლებლობა, რომ "ლელომაც" დაუჭიროს მხარი ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ზოგიერთ მიმართულებას. 

"სამშაბათს იგეგმება საბოლოო შეხვედრები, შემაჯამებელი მართლმსაჯულების და მედიის მიმართულებით, ასევე, კვირის განმავლობაში იქნება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შეხვედრა. ჩვენ ამ კანონპროექტებს წარვუდგენთ პარლამენტს და ველოდებით, რაც შეიძლება მალე ჩაინიშნოს საკომიტეტო მოსმენები და რაც შეიძლება მალე იქნას გატანილი სესიაზე. თუ იქნა ხელისუფლებას სახელმწიფოებრივი აზროვნება და პოლიტიკური ნება, ძალიან მარტივად შესაძლებელია, მხარი დაუჭირონ ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებებს და არ არის გამორიცხული, რომ მათი მხრიდან შემოთავაზებულ ზოგიერთ მიმართულებას ჩვენ დავუჭიროთ მხარი,"-აცხადებს ნანა გალდავა.

ორი დღის წინ საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით სახალხო დამცველის არჩევის წესში ცვლილებები დამტკიცდა, თუმცა ამ პროექტს ოპოზიციის ნაწილის - "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებლის" მხარდაჭერა არ ჰქონია. პარლამენტში ოპონენტი პოლიტიკური ჯგუფები კვლავ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განაგრძობენ ინიციატივების წარდგენას და განხილვას.

რაც შეეხება მმართველის ძალის პოზიციას, ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია არ არის 12 პუნქტის შესრულება, მათი მთავარი ამოცანაა, რეკომენდაციების შესრულებას ხელი შეუშალონ. 

დღის ამბები