უკრაინაში უკვე 200 დღეა რუსეთის აგრესიის შეკავებას ცდილობენ. ეტაპობრივად, შედეგს იძლევა პარტნიორების სამხედრო დახმარება, რაც უკრაინელებისთვის დაბრუნებულ ტერიტორიებში, რუსებისთვის კი ყოველდღე სულ უფრო მეტ სამხედრო დანაკარგებში გამოიხატება. ეს ეხება როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო ძალებს.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია რუსული სუ-34-ის ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების, ასევე, ნოვა კახოვკასთან რუსული ბორანის ჩაძირვის შესახებ. რაც შეეხება გათავისუფლებულ ტერიტორიებს, ბოლო ინფორმაციით, უკრაინულმა ჯარებმა ხარკივის ოლქის კიდევ ერთ დასახლებაში, ჩკალოვსკეში უკრაინული დროშა აღმართეს.
”ახლა მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები იზიუმისა და ლიმანის იმდებარე ტერიტორიებზე. ლუჰანსკის რეგიონის სრულმასშტაბიანი დეოკუპაცია სწორედ ლიმანის საბოლოო გათავისუფლებით დაიწყება და მივალთ ლუჰანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე.
ლისიჩანსკი ჯერ არ არის ჩვენი, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ, მაგრამ იქ ვართ და ვმუშაობთ ქალაქის სრულად დასაბრუნებლად. ჩვენი სამხედროები წარმატებით იბრძვიან და ამის გამო მტერი ცუდ მდგომარეობაშია. ოკუპანტები გარბიან ფრონტის ხაზიდან. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ხვალ გავათავისუფლებთ ლუჰანსკის მთლიან რეგიონს, მაგრამ პროგრესი უდიდესია. უახლოეს მომავალში ძალიან კარგ ამბებს გავიგებთ ოლქიდან” - ამბობს ლუჰანსკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი.