27 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
სახელმწიფო მდივნის მოადგილის თვალით დანახული ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობა და რუსეთ-უკრაინის ომი - "კურიერის" ინტერვიუ კარა მაკდონალდთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თვალით დანახული ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობა და რუსეთ უკრაინის ომი. კარა მაკდონალდი საერთაშორისო კონფერენცია - "დიდება უკრაინას" ფარგლებში თბილისში იმყოფებოდა.

"კურიერთან" ინტერვიუში მოადგილე შეეხო თბილისისა და ვაშინგტონის მჭიდრო ურთიერთობას და ხაზი გაუსვა, რომ შტატები მზადაა, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარი დაუჭიროს. ასევე გაღრმავდეს ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა. მან ასევე ისაუბრა 24 თებერვალს დაწყებულ რუსულ აგრესიაზე და ისაუბრა იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო თანამეგობრობამ იმისათვის, რომ პუტინის ავტოკრატია მეტად არ გავრცელდეს. კარა მაკდონალდს ვრცლად ამ თემებზე დავით ნიკურაძე ესაუბრა.

- სახელმწიფო მდივნის მოადგილე მაკდონალდ, პირველ რიგში, დიდ მადლობას გიხდით, რომ დრო გამონახეთ. მინდა შეგეკითხოთ იმ თემებზე, რომლებიც თბილისში, კონფერენციაზე განიხილეთ: რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რეგიონზე გავლენა, დასავლეთის პასუხი. როგორ ფიქრობთ, კიდევ რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, დაძაბულობის შესამცირებლად და მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად რეგიონში?

"როგორც აღნიშნეთ, მე აქ ვიმყოფები საერთაშორისო კონფერენციაში "დიდება უკრაინას" მონაწილეობის მისაღებად. ჩემი დასწრება უკრაინის და მისი ხალხის მხარდაჭერას უკავშირდება. იმ უკრაინელების, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ. თუმცა ეს ასევე ეხება საქართველოს და მისი დემოკრატიული გზის მხარდაჭერას. პრეზიდენტმა ბაიდენმა განსაზღვრა და განაცხადა, რომ ხედავს ბრძოლას დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, როგორც გადამწყვეტ ბრძოლას, 21-ე საუკუნეში. ეს არ არის დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია. ეს არის, მათ შორის, რომლებსაც ერთის მხრივ სურთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი, დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვა და მეორეს მხრივ, რომლებსაც მისთვის ძირის გამოთხრა სურთ.

ჩვენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაკეთილსინდისიერი, არაპროვოცირებული, უსამართლო თავდასხმისა და ომის ყველაზე მკაფიო მაგალითი ვნახეთ. აგრესიის ტაქტიკა, რომელიც საქართველოსთვის უცხო არ არის. ჩვენ განვიხილავთ ყველა თემას, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან და შევაჩეროთ ეს აგრესია და ვაგებინოთ პასუხი როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო დონეზე, - ამბობს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

- მინდა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე გკითხოთ, მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. მაინტერესებს, თუ მიიჩნევს ვაშინგტონი საქართველოს დაუცველად და ხომ არ უნდა ელოდოს თბილისი უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით?

"მადლობა ამ შეკითხვისთვის. იცით, რომ შეერთებული შტატები და საქართველო მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან. ჩვენ ინვესტიცია ჩავდეთ საქართველოს მომავალში. მოვახდინეთ ინვესტირება ქართველი ხალხის ოცნებაში, რომელიც ბევრ გამოკითხვასა და განხილვაშია გამოხატული. ვიცით, რომ საქართველოს მომავალი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაშია და ამას ვეხმარებით. რაც შეეხება სამხედრო თანამშრომლობას, მიმდინარეობს სწავლება "ღირსეული პარტნიორი", რომელშიც 21 ქვეყანაა ჩართული. ვფიქრობ, ეს იმ ჩართულობის და ერთიანობის მტკიცებულებაა, რომელსაც მნიშვნელოვნად მივიჩნევთ რეგიონში და ასევე საქართველოში სტაბილურობის დასაცავად," - აცხადებს მაკდონალდი.

- ამერიკის ორ პარტნიორს - საქართველოს და უკრაინას შორის ურთიერთობაზე მინდა გკითხოთ. როგორც იცით, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წევრი, ისევე როგორც ქართული ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერს უკრაინას და რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, თუმცა ამ დრომდე, ამის რამე მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. ამავე დროს, მთავრობა ამბობს, რომ მხარს უჭერს კიევს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ათასობით უკრაინელი დევნილია საქართველოში და განმარტავს, რომ უკრაინას ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. მაინტერესებს თქვენი რეაქცია ამ თემაზე. ასევე მაინტერესებს, თუ აქვს ვაშინგტონს რამე მტკიცებულება, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს ეხმარება?

"მადლობა შეკითხვისთვის. როგორც იცით, შეერთებული შტატები გლობალურად და საერთაშორისო დონეზე, ინტენსიურად მუშაობს ბევრ პარტნიორთან, მათ შორის საქართველოსთან, რათა უზრუნველყოს, რომ სანქციების თავიდან არიდება არ მოხდეს. დაწესებული სანქციები მრავალმხრივ უპრეცენდენტოა. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ იარსებებენ მოთამაშეები, რომლებსაც ამის მცდელობა არ ექნებათ და ვიცით, რომ ეს არსებობს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ეს მრავალმხრივი პარტნიორობა, რათა სანქციების თავიდან ასარიდებელი სივრცე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. მეორე, რაც მინდა ვთქვა, არის, კიდევ ერთხელ, ერთიანობის მნიშვნელობა რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად. უკიდურესად მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას - უკრაინას და საქართველოს შორის დისკუსია მედია სივრცეში არ იყოს გამართული.

ერთიანობის დემონსტრირება და ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველომ უდაოდ იცის, თუ რასთან უხდება გამკლავება უკრაინას. მას თავად აქვს ტერიტორიის 20% ისევ ოკუპირებული. ვფიქრობ, აქ ბუნებრივი ალიანსია. 2 რამ არის, რაც პუტინმა, უკრაინაზე თავდასხმის დროს სათანადოდ ვერ შეაფასა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით. პირველი, სიმამაცე და შეუპოვრობა, რომლითაც აღსავსეა უკრაინელი ხალხი და მეორე - თუ როგორი ერთიანია არა მხოლოდ დასავლეთი, არამედ მსოფლიო. ჩვენმა პრეზიდენტმა გასულ დეკემბერს, დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად, სამიტზე, 100-ზე მეტი ქვეყანა მოიწვია. ამ სამიტის მონაწილეთა 93%-მა დაუჭირა მხარი რუსეთის დაგმობას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ამ სახის ერთიანობაა საჭირო და ვთვლით, რომ გამარჯვების გზა, ნაწილობრივ, ამ ერთიანობაზე გადის," - აცხადებს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

- ცხადია, ვერ ავუვლით გვერდს, ამერიკის საელჩოს გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს ოპოზიციის ნაწილი ითხოვს ხელისუფლების გადადგომას, ვადამდელ არჩევნებს და ეგრეთწოდებული ტექნიკური მთავრობის შექმნას. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც მხარს უჭერს ამ იდეას. ზოგიერთი პოლიტიკოსის თქმით, ეს ორგანიზაციები ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფულით ფინანსდებიან და ითხოვენ, ამერიკის ელჩი მათ განცხადებებს გაემიჯნოს. როგორც იცით, მათ გაუგზავნეს ელჩ დეგნანს შეკითხვები, რაზეც ელჩს ბოლომდე არ უპასუხია. თქვენ როგორ აფასებთ ელჩის პოზიციას და ზოგადად ამ უჩვეულო ვითარებას?

"მე მინდა დავადასტურო ის მტკიცე მეგობრობა, რომელიც საქართველოს და შეერთებულ შტატებს აქვთ. ჩვენ ვართ ინვესტორები, მონაწილეები და დაინტერესებულები ამ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და მტკიცე მოკავშირედ და პარტნიორად ვრჩებით. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი, ჩვენი აზრით, შესანიშნავ საქმეს აკეთებს, რათა მიწვდეს ქართული საზოგადოების ყველა სეგმენტს, რათა დაეხმაროს და ხელი შეუწყოს ამ ერთიანობას. ამ ერთიანობამ უნდა მიიყვანოს საქართველო მისი ევროატლანტიკური სწრაფვის განხორციელებამდე და ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. ეს ხელმისაწვდომია, თუმცა ერთიანობას ითხოვს. ელჩ დეგნანს და მის გუნდს აქ უზარმაზარი მისია აქვს, რათა მოიცვას საზოგადოების ყველა სეგმენტი: სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, ბიზნესი, მთავრობა, პარლამენტი და მათი გაერთიანების ხელშეწყობას ეცადოს. ეს თქვნზე მეტად არ შეიძლება გვსურდეს. ეს ერთიანობა უნდა შეიქმნას გზის გასაგრძელებლად და გზა გამოკვეთილია. 12 რეფორმაა და არც ერთი არ არის ახალი. ჩვენ ეს ვიცით, ამაზე ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ," - თქვა მაკდონალდმა.

- როგორც იცით, უკვე 14 წელია, ალიანსი შეპირდა საქართველოს და უკრაინას, რომ ერთ დღეს ნატოს წევრი გახდებიან. თბილისი და კიევი ცდილობენ ალიანსთან მიახლოებას. ახლა ვხედავთ, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე შედიან. მაინტერესებს, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია თუ შეუწყობს ხელს ნატოს გაფართოების საკითხის წინ წაწევას და ფიქრობთ თუ არა, რომ თბილისი და კიევი ალიანსთან მიერთებას მაპის გარეშე შეძლებენ?

"მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენ 2008 წლის ვალდებულების მტკიცედ ერთგულები ვრჩებით. ეს არის მომავლის ჩვენი ხედვა და ვხედავთ, რომ საქართველოს ადგილი იქ არის. სამუშაო უნდა ჩატარდეს და ამას ზურგი არ უნდა შევაქციოთ. არსებობს დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აშკარად გასატარებელია. ეს განხორციელებადია, ნამდვილად გაკეთებადია. მხარს გიჭერთ და მტკიცე მხარდამჭერებად ვრჩებით. ჩვენი იმედი თქვენი იმედია. ჩვენ გვსურს, საქართველომ მისი ადგილი დაიკავოს ნატოს გარემოცვაში," - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

 

დღის ამბები