27 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
"ხალხის ძალის" მორიგი წერილი უცვლელი ადრესატით - მორიგ გზავნილს პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა

მოძრაობა "ხალხის ძალის" მორიგი წერილი და უცვლელი ადრესატი. "ქართულ ოცნებიდან" წასული ოთხეულის უკმაყოფილება ამჯერად ამერიკის საელჩოს იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც დიპლომატიური მისია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს აკრიტიკებს. საქმე ეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონს.

გურამ მაჭარაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი ფიქრობენ, რომ კანონი ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის, საელჩო კი, მათი თქმით, დეზინფორმაციას ავრცელებს, რაც ოპოზიციის ნაწილისთვის პოლარიზაციის გაღრმავების ბერკეტია. განცხადების იმ ნაწილში სადაც საელჩოს მხრიდან სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზეა საუბარი, საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები გიორგი გახარიას ახსენებენ და ამბობენ, რომ ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერის ქმედებების მიზანი პოლიციის იმიჯის დაზიანება და მოშლა იყო.

დღეს გამოქვეყნებული წერილის ავტორები ამბობენ, რომ საქართველოში სამართლის უზენაესობისა და სამართალდამცავი ორგანოების დასუსტების მთავარი მიზანია კრიმინალებს გაუადვილდეთ რევოლუციის მოწყობა და საქართველოს ომში ჩართვა. სწორედ ამიტომ, დეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ უკომპრომისო ნაბიჯები გადადგას. საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები, სამართლის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოაშკარავებას, საზოგადოებას უახლოეს მომავალშიც პირდებიან.

მოძრაობა "ხალხის ძალის" მორიგ გზავნილს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

 

 

 

დღის ამბები