27 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
გზა უელსის პრინცობიდან ბრიტანეთის ახალ მონარქობამდე - გარდაცვლილი დედოფლის უფროსი ვაჟი უკვე ოფიციალურად გამეფდა

გზა უელსის პრინცობიდან ბრიტანეთის ახალ მონარქობამდე. უელსის პრინცი ჩარლზ მეორე, ახლა კი უკვე მეფე ჩარლზ მესამე. გარდაცვლილი დედოფლის უფროსი ვაჟი უკვე ოფიციალურად გამეფდა.

"ღმერთო, დაიფარე მეფე" - ეს სიტყვები ბოლოს წმინდა ჯეიმსის სასახლიდან 1936 წელს გაჟღერდა. ჩარლზი ახლა უკვე ყველაზე ასაკოვანი მონარქია გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში, ვინც სამეფო ტახტზე ავიდა. ფიცის დადების ცერემონიალს დღეს საიდუმლო საბჭოს 200-მდე წევრი ესწრებოდა. ადგილზე იყვნენ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრებიც.

ეს იყო პირველი შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში, როდესაც "სამეფო ტახტის მემკვიდრის საბჭოს" შეკრებას ლონდონი პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ერთი მონარქის გარდაცვალებისა და მეორის გამეფების შესახებ დოკუმენტი მეფემ პირადად დაამტკიცა, ბრიტანული ტრადიციების სრული დაცვით იგი წმ. ჯეიმსის სასახლის აივნიდან ხალხისთვის გაჟღერდა, რასაც ცერემონიის ბოლო აკორდი მოჰყვა.

ახალი მეფის პირველი გადაწყვეტილება მის სახელს უკავშირდება. დარჩა ჩარლზად, თუმცა შეეძლო მისი 4 სახელიდან რომელიმე სხვა აერჩია - ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯი დღეიდან მეფე ჩარლზ III-ა

1948 წლის 14 ნოემბერს BBC-იმ ბრიტანელებს აუწყა, რომ დედოფალს ვაჟი გაუჩნდა. 1957 წელს ჩარლზი პირველად მიდის სკოლაში, მოგვიანებით კი სახლში წერილებს აგზავნის, თუ როგორ უჭირს თანაკლასელებთან დამეგობრება. 1969 წელს დედამ ის უელსის პრინცად აკურთხა, 2 წლის შემდეგ უერთდება ჯარს, მალევე აფუძნებს საქველმოქმედო ფონდს. 1981 წელს კი ცოლად ირთავს ლამაზმანს, რომელიც მთელი მსოფლიო შეიყვარებს, როგორც "ლედი დის". 15 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2 შვილის, უილიამის და ჰარის დედ-მამა სკანდალურად განქორწინდება. სამეფო ოჯახი ტაბლოიდების სამიზნე ხდება.

1997 წელს მსოფლიომ ტრაგიკული ამბავი შეიტყო, ლედი დი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. 2 შვილის დაქვრივებული მამის სტატუსმა ჩარლზის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება შედარებით გააუმჯობესა, თუმცა ხალხი პრინცესა დიანას ტრაგიკულ ისტორიაში მას დღემდე ადანაშაულებს, ისევე როგორც კამილა პარკერს, ახლა უკვე დედოფლის კონსორტს, ანუ მეფის მეუღლეს, რომელზეც 2005 წელს იქორწინა.

ჩარლზ III-ს წინ ბევრი გამოწვევა ელის - ერთის მხრივ ძმის, ენდრიუს, სექსუალური სკანდალისა და შვილის, ჰარისა და მისი მეუღლე მეგანის ბრალდებების გამო, ვინც სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულეს. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ახლა ისაა, თუ რას იზამს მონარქი თანამეგობრობის 14 ქვეყანასთან მიმართებით, სადაც დღეიდან სახელმწიფოს მეთაურად ითვლება და არაა გამორიცხული, მათმა ნაწილმა სტატუსობრივი ცვლილებები მოისურვონ. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ჩარლზისგან რადიკალურად განსხვავებულ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ, პირიქით, ვარაუდობენ რომ ის კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს.

ბრიტანეთის დედოფლის წასვლით იცვლება არა მხოლოდ ახალი მონარქის, არამედ მთელი ქვეყნის ცხოვრება, სულ რომ არაფერი ვთქვათ ეროვნული ჰიმნის ტექსტსა და მონეტების გამოსახულებაზე. ჩარლზ მე-3-ს ამიერიდან ბრიტანეთიდან გამოგზავნილ საფოსტო მარკებზეც ვიხილავთ.



დღის ამბები