27 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
3 მოსმენითა და ოპოზიციის ნაწილობრივი მხარდაჭერით მიღებული ცვლილებების შემდეგ, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში კონსულტაციების ეტაპი დგება

3 მოსმენითა და ოპოზიციის ნაწილობრივი მხარდაჭერით მიღებული ცვლილებების შემდეგ, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში კონსულტაციების ეტაპი დგება. ახლა, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტ დეპუტატებთან კომუნიკაციით ის კომისია უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც ომბუდსმენობის კანდიდატებს შეაფასებს. "ქართული ოცნება" კონსულტაციებისთვის იწვევს ყველას, მათ შორის ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც რეგლამენტში ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენისას მხარი აღარ დაუჭირა.

უკვე ცნობილია დეპუტატების ვინაობა, ვინც კომისიის შექმნისთვის, კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებს - ის დეპუტატები, რომლებმაც სახალხო დამცველის წესის ცვლილებას მხარი დაუჭირეს. ახლა, პარტია "საქართველოსთვის" და "გირჩის" წევრებს აინტერესებთ, როგორ დაკომპლექტდება ჯგუფი, რომელმაც ომბდუსმენობის კანდიდატები უნდა შეაფასოს.

ოპოზიციის მეორე ნაწილი პაპუაშვილთან კონსულტაციებზე ჯერ კიდევ ფიქრობს. "სტრატეგია აღმაშენებელი" კი უკვე აანონსებს სხვა კონსულტაციებს, რომელსაც არასამთავრობო სექტორთან გაიმართება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" სახალხო დამცველის წესის ცვლილების პროცესში არცერთი მათი შეთავაზება არ გაიზიარა.

ოპოზიციის საპასუხოდ, "ქართულ ოცნებაში" თქვეს, რომ რეგლამენტის ცვლილებებზე მუშაობისას გაითვალისწინეს ყველა ის წინადადება, რომელიც მათ ოპონენტებს ჰქონდათ. სახელისუფლებო გუნდისთვის ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლო და უარგუმენტოა.

საკანონმდებლო ორგანოში რეგლამენტში ცვლილებები გუშინ დამტკიცდა, ამ ცვლილებების მიხედვით სახალხო დამცველის შერჩევის წესი ერთჯერადად შეიცვალა. მოქმედ ომბუდსმენს ვადა დეკემბერში ეწურება, სწორედ ამ დრომდე უნდა აირჩიოს პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი.

დღის ამბები