27 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
"ხალხის ძალის" მორიგი წერილი უცვლელი ადრესატით - რა გამოხმაურება მოჰყვა ოთხეულის მორიგ კრიტიკულ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში

საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალის" მორიგი წერილი უცვლელი ადრესატით. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონის შესახებ ამერიკის საელჩოს კრიტიკულ განცხადებას ოცნებიდან წასული ოთხეული წერილით ეხმაურება.

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი წერენ, რომ კანონი ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, აშშ-ის საელჩო კი მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რასაც რადიკალური ოპოზიცია პოლარიზაციის ხელოვნურად გაღრმავებისთვის იყენებს.

"ხალხის ძალის" წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით  დამატებითი განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, მავანი არის დაინტერესებული, რომ აქ არ იყოს მშვიდობა და სტაბილურობა:

"ჩვენ კანონპროექტზე მუშაობის დროს საერთაშორისო აქტები, კონვენციები და სტრასბურგის გადაწყვეტილებები კი არ უნდა მოვიძიოთ და გავითვალისწინოთ, არამედ უნდა ვკითხოთ საელჩოს, რა მოეწონება მას, როდის და როგორ ჩათვლის ის ევროპულ სტანდარტად და ამის მიხედვით განვიხილოთ კანონპროექტი - რაც, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი და ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ ეს ნამდვილად არაა პარტნიორული ურთიერთობა.

არსებობს გამოწვევები რეგიონში, მსოფლიოში და ბუნებრივია, რომ საქართველოს მიმართ მავანი არის დაინტერესებული, რომ აქ არ იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ეს სტაბილურობა და დეპოლარიზაცია რომ არ უნდათ, ამიტომ კეთდება ასეთი განცხადებები და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ელჩმა არ იცის, რას ნიშნავს ევროპული სტანდარტი და ის, რომ ეს კანონპროექტი ნამდვილად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. ეს მან ძალიან კარგად იცის, მაგრამ ეს განცხადებები, ჩვენი აზრით, სწორედ მაგიტომ კეთდება, რომ მოხდეს არა დეპოლარიზაცია, არამედ პოლარიზაცია, ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

განცხადება პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა. სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის წერილში, მოყვანილ ფაქტებს ოპოზიცია სიცრუეს უწოდებს.

ოთხეულის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ "უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ, გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა სწორედ პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა."  პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა "ქართულ ოცნებაში" შექმნილ პრობლემებს უკავშირებს:

"დღეს თუ ვინმე "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ეწევა, ეს არის "ქართული ოცნება" და პირადად ის ოთხეული იმ წერილით, რომელიც გამოაქვეყნეს. რეალურად "ქართული ოცნების" ელექტორალური რღვევა არის დაწყებული და ერთადერთი პოლიტიკური პერსონა, რომელსაც შეუძლია ამ "ქართული ოცნების" დაკარგული ელექტორატის მხარდაჭერის მოპოვება, არის გიორგი გახარია და ეს ისტერია, სწორედ ამითაა გამოწვეული და გარდა ამისა, ეს ადამიანები ამ წერილებით პირდაპირ დისკრედიტაციას ახდენენ დასავლეთის და პოლიციას და სამართალდამცავ სისტემას პირდაპირ მოწყვლადს ხდიან ოკუპანტი ქვეყნის წინაშე," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გავრცელებულ განცხადებას აკრიტიკებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძეც:

"მორიგი ბოდვების გაგრძელებაა ამ ტრიოსგან თუ კვარტეტისგან, კარგია ის, რომ ეს კვარტეტი ვეღარ იზრდება, როგორც ჩანს "ქართული ოცნების" წიაღში ამ სამარცხვინო გუნდში გასაერთიანებლად საკუთარი წევრებიც ვერ დაითანხმეს. ისინი ბოლომდე მიაწვებიან ამ ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ და პრორუსულ განცხადებებს, თუმცა ნაკლები ზეგავლენა ექნებათ ამას ქართულ პოლიტიკაზე. ისინი გადაიქცნენ მასხარების გუნდად, სერიოზულადაც კი აღარ აღიქვამენ," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

საქართველოს მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემების რეფორმირებაში აშშ-ის დამსახურებას უსვამს ხაზს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია

"ყველა ქართველს ძალიან კარგად ახსოვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მეტი ფინანსური თუ სხვაგვარი დახმარება არავის აღმოუჩენია, არც მართლმსაჯულების და არც სამართალდამცავი სისტემების რეფორმირების კუთხით, ამიტომაც თუ ვინმეს მადლობა ეკუთვნის იმისათვის, რაც ახლა გვაქვს მაინც, ეს არის აშშ-ის საელჩო," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობას კი ეგრეთ წოდებული მოსმენების კანონის წინააღმდეგ კრიტიკა მართებული არ ჰგონია.

"ვერ შევძლებ, რომ ამ შემთხვევაში ღიად ვისაუბრო ამ საკითხების თაობაზე და იცით თქვენ ამის შესახებ, რომ ჩვენ ვფარგლავთ ღია სივრცეში ჩვენ სასაუბროს. ეს იყო კიდეც მიზეზი, რის გამოც ეს ოთხეული გამოეყო ჩვენს ფრაქციას. მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ დიახ ოპოზიცია ამას ნამდვილად ხელოვნურად იყენებს საკუთარი მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე და ცდილობენ, რომ ამაზე ხელი მოითბონ არცთუ კეთილსინდისიერად. ეს არის, რა თქმა უნდა, ანგარიშგასაწევი, საყურადღებო, მით უმეტეს, შემიძლია შევაფასო და არავის დავეთანხმო, ვინც იტყვის, რომ ეს ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით არსებობს რაიმე ეჭვები ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობის მიმართულებით," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები