მეფედ ოფიციალურად გამოცხადებამდე ახალმა მონარქმა ბრიტანელებს სიტყვით პირველად მიმართა.
9 წუთიან გამოსვლაში, ჩარლზ მესამემ დედის როლზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ საკონსტიტუციო პრინციპების დაცვას მომავალშიც გააგრძელებს.
"დედოფალმა, მის 21 წლის იუბილეზე თანამეგობრობისადმი კეიპტაუნიდან მიმართვისას პირობა დადო, რომ თავის ცხოვრებას, იქნებოდა ის ხანგრძლივი თუ ხანმოკლე, თავისი ხალხის მსახურებას მიუძღვნიდა. ეს იყო დაპირებაზე მეტი. ეს იყო ღრმად პირადი ვალდებულება, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა. მან გაიღო მსხვერპლი მოვალეობისთვის. ვდებ პირობას, რომ ამ დარჩენილი დროის განმავლობაში, რომელიც უფალმა მიბოძა, როგოც თავად დედოფალი, ისეთივე ურყევი ერთგულებით დავიცავ საკონსტიტუციო პრინციპებს, რომლებიც ჩვენი ერის საფუძველს წარმოადგენს.
სადაც უნდა ცხოვრობდეთ, გაერთიანებულ სამეფოში, თუ მსოფლიოს სხვა ადგილზე მდებარე სამეფოებსა თუ ტერიტორიებზე, რა წარსულიც თუ რწმენაც არ უნდა გქონდეთ, შევეცდები, გემსახუროთ ლოიალობით, პატივისცემითა და სიყვარულით, ისევე, როგორც ამას ვაკეთებდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. და ჩემს საყვარელ დედას... ახლა როდესაც თქვენ იწყებთ თქვენს ბოლო დიდ მოგზაურობას, რათა შეუერთდეთ ჩემს ძვირფას მამას, მინდა უბრალოდ მადლობა გითხრათ. გმადლობთ თქვენი სიყვარულისა და ერთგულებისთვის ჩვენი ოჯახისა და იმ ერების ოჯახების მიმართ, რომლებსაც ასე გულმოდგინედ ემსახურებით მთელი ამ წლების განმავლობაში," - განაცხადა ჩარლზ მესამემ.