27 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ვერ ვხვდები როგორ შეიძლება "ოცნებისთვის" მისაღები იყოს კანდიდატურა, რომელიც ოპოზიციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იქნება წარდგენილი - ბაჩო დოლიძე

სახალხო დამცველის არჩევის ერთჯერადი წესი განსაზღვრულია, ჯერი კანდიდატების შერჩევაზეა.
ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი გრძელდება. მომავალი კვირიდან პირველი კანონმდებელი დეპუტატებთან კონსულტაციებს დაიწყებს, სწორედ იმ შეფასებითი კომისიის ჩამოსაყალიბებლად, რომელმაც ომბუდსმენის არჩევის პროცესში კანდიდატები უნდა შეაფასოს. მმართველი გუნდი მოლაპარაკების მაგიდასთან ისევ იწვევს ოპოზიციას.

"ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ეცდება ოპოზიცია შეიტყუოს ტექნიკურ დეტალებში და ყურადღება გადაიტანოს მთავარი საკითხიდან.

"ვერ ვხვდები როგორ შეიძლება "ქართული ოცნებისთვის" მისაღები იყოს კანდიდატურა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ან არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იქნება წარდგენილი. უკვე ნონსენსთან გვაქვს საქმე, ერთი ფაქტია რომ სახალხო დამცველი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს ინსტიტუტის დამოუკიდებლობას.

"ქართული ოცნების" მხრიდან მცდელობები იქნება რომ ტექნიკურ დეტალებში შემოიტყუოს ზოგადად ოპოზიცია და ყურადღება გადაიტანოს მთავარი საკითხიდან. მანდ არ უნდა დავუშვათ შეცდომა," - აცხადებს დოლიძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ევროკავშირის რეკომენდაციებს ომბუდსმენის არჩევის პროცესთან მიმართებაშიც არ ასრულებს.

"ჩვენ გვექნება კონსულტაციები ცალკე არასამთავრობო სექტორთან და ამ მიმართულებით კოორდინაციაში ვიქნებით მათთან. "ქართულმა ოცნებამ" გადალახა ყველა ზღვარი, "ქართული ოცნება" არ ასრულებს ამ მიმართულებითაც 12 რეკომენდაციას. არ გაითვალისწინეს არასამთავრობო სექტორის აზრი, არ გაითვალისწინეს ოპოზიციის აზრი და შესაბამისად "ქართული ოცნების" ამ თავხედურ თამაშში ჩვენ არ და ვერ შევალთ," - განაცხადა ჩიხლაძემ.

დღის ამბები