გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქი და ახალი ეპოქის დასაწყისი. ჩარლზ მესამემ ქვეყნის ერთგულების ფიცი ოფიციალურად დადო. სამეფო ტრადიცია შესრულებულია. მეფედ კურთხევის პროკლამაცია წმინდა ჯეიმსის სასახლის აივნიდან ადგილობრივი დროით, 11 საათზე გამოაცხადეს. გაისმა ქვემეხების ხმაც. ლაკონური, თუმცა ყოვლის მომცველი - ასეთი იყო მეფის სიტყვაც და ფიციც. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა წმინდა ჯეიმსის სასახლეა.
წმინდა ჯეიმსის სასახლეში 200-მდე პოლიტიკოსი იყო შეკრებილი, მათ შორის ბორის ჯონსონი, ტერეზა მეი, ჯეიმს კამერონი და ა.შ. მოაწერეს ხელი იმ პროკლამაციას, რომლითაც ტახტზე ჩარლზ მესამის ასვლა გამოცხადდა.
"დედაჩემმა მოგვცა მაგალითი სამუდამო სიყვარულისა და თავდაუზოგავი სამსახურის. დედაჩემის მეფობა იყო შეუდარებელი მისი ხანგრძლივობითა და ერთგულებით. მე ღრმად ვაცნობიერებ სუვერენიტეტის ამ დიდ მემკვიდრეობას, მოვალეობებსა და მძიმე პასუხისმგებლობებს, რომლებიც ახლა მე გადმომეცა. ამ პასუხისმგებლობების აღებისას მე შევეცდები მივყვე იმ შთამაგონებელ მაგალითს, რომელიც მივიღე საკონსტიტუციო ხელისუფლების დასაცავად, ასევე მშვიდობის, ჰარმონიისა და კეთილდღეობის მისაღწევად კუნძულებისა და ერთა თანამეგობრობის ტერიტორიების ხალხებისთვის მთელს მსოფლიოში. ამ მოვალეობების შესრულებისას მე ვიხელმძღვანელებ მათი არჩეული პარლამენტის საბჭოთი. მე მესმის, რომ კანონი მოითხოვს, გვირგვინის დადგმისთვის უნდა დავდო ფიცი შოტლანდიის ეკლესიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მე მზად ვარ ამის გასაკეთებლად პირველივე შესაძლებლობით. მე, ჩარლზ მესამე, ღმერთის მადლით , დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და ჩემი სხვა ტერიტორიების მეფე, რწმენის დამცველი, ერთგულებით ვფიცავ, რომ ხელშეუხებლად შევინარჩუნებ ჭეშმარიტ პროტესტანტულ რელიგიას. დამეხმარე ღმერთო," - განაცხადა ჩარლზ მესამემ.
პროკლამაციის ტექსტი წმინდა ჯეიმსის სასახლის აივნიდან წაიკითხეს. პირველად 70 წელზე მეტი ხნის მანძილზე წარმოითქვა სიტყვები "ღმერთო დაიფარე მეფე".
"დედოფლის გარდაცვალებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს გვირგვინი ერთპიროვნულად და სამართლიანად გადაეცა პრინც ჩარლზს. პრინცი ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯი ახლა არის ჩვენი ერთადერთი და კანონიერი სენიორი. ლორდ ჩარლზ III, ღვთის მადლით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და მისი სხვა სამეფოებისა და ტერიტორიების, ერთა თანამეგობრობის მეფე, რწმენის დამცველი, რომელის მიმართაც ჩვენ ვაღიარებთ ყოველგვარ რწმენას და მორჩილებას. ღმერთო დაიფარე მეფე," - განაცხადა სამეფო სახლის წარმომადგენელმა.