უკრაინაში დიდი დანაკარგებისა და რუსული არმიის დაკავებული პოზიციებიდან უკან დახევის გამო პუტინი უშიშროების საბჭოს იწვევს. რუსეთის პრეზიდენტისთვის ბოლო წვეთი ხარკოვის მიმართულებაზე 20 დასახლებული პუნქტის დაკარგვა გახდა. ხარკოვის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ფრონტის ხაზი 50 კილომეტრით გადაწიეს და საოკუპაციო ძალებს დიდი დარტყმა მიაყენეს. კიევი ვარაუდობს, რომ კონტრშეტევის შემდეგ ალყაში, სულ მცირე, 10 ათასი რუსი სამხედრო მოექცევა.
მიუხედავად დიდი დანაკარგებისა, მოსკოვი უკრაინის ქალაქების დაბომბვას არ წყვეტს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა ქვეყნის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებს 45 საავიაციო და 5 სარაკეტო დარტყმა მიაყენეს. პუტინის ჯარისკაცებმა ტრადიციულად არ დაინდეს საავადმყოფოები. სუმის ოლქში რუსულმა თვითმფრინავმა ცეცხლი კლინიკას გაუხსნა, სადაც დაჭრილები იყვნენ. უმოწყალოდ იბომბება ბახმუტიც, სადაც დღეს რუსულ რაკეტებს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 17 კი მძიმედ დაშავდა.
9 დაღუპული, 23 დაშავებული - რუსული არმია დონეცკის ოლქის თითქმის სრულ ტერიტორიას უტევს. სხვადასხვა დასახლებაში განადგურებულია 30-მდე საცხოვრებელი სახლი, ახლოს მდებარე ავტომობილები. ორი ჭურვი აფეთქდა ბავშვთა გასართობ მოედანზე.
საჯარო სკოლის შენობა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ააფეთქეს ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში. დაიღუპა ერთი მშიდობიანი- მძიმედ დაშავდა 10, მათ შორის 3 მცირეწლოვანი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული შეტევის შემდეგ მოწინააღმდეგე რამდენიმე საათის განმვლობაში უმისამართოდ ისროდა.
ამ ფონზე უკრაინას ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს შეერთებული შტატები. ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ენტონი ბლინკენმა გააჟღერა. სახელმწიფო მდივანმა უკრაინისთვის გამოყოფილი დამატებითი 675 მილიონი დოლარის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.
წარმატებით გრძელდება უკრაინელი სამხედროების შეტევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის" განცხადებით, ღამის განმავლობაში 265 წერტილოვანი დარტყმა განახორციელეს. შედეგად, ლიკვიდირებულია საოკუპაციო ძალის 650 ჯარისკაცი, 3 ერთეული "ურაგანის" მრავალჯერადი სარაკეტო კომპლექსი, 2 ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "პიონი", თვითმავალი ჰაუბიცა, 6 ერთეული ჯავშანმანქანა და საბრძოლო მასალის 2 საცავი.
რაც შეეხება გათავისუფლებულ ტერიტორიებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გვიან ღამით ქალაქ ბალაკლეას დაბრუნება დაადასტურა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სექტემბრის შემდეგ, შეიარაღებულმა ძალებმა 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, უკრაინის კონტროლს დაუბრუნდა ქალაქი კუპიანსკი.