27 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
მოსკოვი ევროპას გამყინვარებით ემუქრება - შეშაზე, როგორც გათბობის ალტერნატიულ წყაროზე მოთხოვნა, ევროპის ბევრ ქვეყანაში იზრდება

რუსული გაზის გარეშე კონტინენტს გამყინვარება გაზპრომმა ვიდეორგოლით უწინასწარმეტყველა. ზამთარი რომ გრძელი იქნება, კრემლმა ჩვეული პროპაგანდით, საბჭოთა პოეტის სიმღერად ქცეული ლექსით ევროპელებს მას შემდეგ უთხრა, რაც მათ "ჩრდილოეთ ნაკადი 1-ით" გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ვიდეო, მილსადენში გაზის დინების ჩამკეტის ნულამდე გადაწევით იწყება, რის შემდეგაც მთელი ევროპა ცივი ზამთრის სუსხში ეხვევა.

ევროპელები შეშას იმარაგებენ და რუსული გაზის გარეშე პირველი ზამთრისთვის ემზადებიან. ახლა მთავარი გამოწვევა მიწისქვეშა მარაგების შევსებაა. მატულობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტანკერებით გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტიც, თუმცა ევროპელებს მაინც ეშინიათ და ემზადებიან. შეშაზე, როგორც გათბობის ალტერნატიულ წყაროზე მოთხოვნა თითქმის მთელი ევროპის მასშტაბით იზრდება, განსაკუთრებით კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც დაბალშემოსავლიანი ოჯახები ამ რესურსს უფრო მეტად იყენებენ. მაგალითად ბულგარეთში ოჯახების ნახევარი ზამთარში შეშას მოიხმარს, რომლის ფასიც სულ უფრო მეტად იზრდება პოლონეთში, უნგრეთში, ჰოლანდიაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებშიც. ოჯახებისთვის წნეხის შესამსუბუქებლად, მთავრობები ექსპორტს კრძალავენ და უფრო მეტი ხის მოჭრის ნებართვებს გასცემენ.

ვლადიმერ პუტინი ენერგორესურსებით შანტაჟს განაგრძობს და აცხადებს, რომ გაზის სრულფასოვან მიწოდებას მხოლოდ სანქციების შემსუბუქების შემთხვევაში განაახლებს. ექსპერტების ვარაუდით, რუსული ენერგომატარებლებისგან სრულ გათავისუფლებას, სულ ცოტა 2 წელი მაინც დასჭირდება. სპეციალისტების შეფასებით, კონტინენტი უარესი სცენარისთვის უნდა მოემზადოს.

ელექტროენერგია რომ შესაძლოა გაეთიშოთ ან გრაფიკით მიეწოდოთ, ამის შესახებ ფრანგები პრემიერ-მინისტრმა უკვე გააფრთხილა. ქვეყნის მთავრობა პირობას დებს, რომ მოქალაქეებს სახლებში ბუნებრივი აირი ზამთარში არ გაეთიშებათ, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში, შეზღუდვები შეეხება ბიზნესს და ასეთი ობიექტები ელექტროენერგიასთან ერთად გაზსაც გრაფიკით მიიღებენ. ბუნებრივი აირის კრიზისი საფრანგეთის გარდა ზამთრის პერიოდში შესაძლოა ევროპის არაერთ ქვეყანაში დაიწყოს. გერმანია, გაზის საცავებში მარაგებს დაგეგმილზე სწრაფად ავსებს. ქვეყანამ საჯარო სივრცეებში ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსამდე უკვე შეამცირა და ქვანახშირის სადგურებიც გააცოცხლა.

მოსკოვმა ევროპის დასჯა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროკავშირმა უკრაინასთან ომის დაწყების გამო, რუსეთს სანქციები დაუწესა. ევროპაში კი ბოლო კვირაა ბუნებრივი გაზის ფასის რეკორდული ზრდა ფიქსირდება. გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 3 500 დოლარიან ნიშნულს უკვე გადააჭარბა.

დღის ამბები