27 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული არც ერთი პირი რეალიზაციის ფაქტს არ აღიარებს - 5 ბრალდებული ამბობს, რომ სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული ნივთიერება პირადი მოხმარებისთვის ჰქონდათ

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული არც ერთი პირი რეალიზაციის ფაქტს არ აღიარებს - პოლიციიის მიერ მასშტაბური სპეცოპერაციისას დაკავებული 5 მოქალაქე მხოლოდ იმას ამბობს, რომ სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული ნივთიერება პირადი მოხმარებისთვის ჰქონდათ. მოსამართლე კუპრეიშვილმა ბრალდებულებს მოუსმინა, თუმცა მათი არგუმენტები არ გაითვალისწინა. ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულ პირებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

დაცვის მხარე ახლა დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისთვის ემზადება, რათა დაკავებულებს ნარკოტიკების რეალიზაციის მუხლი მოუხსნან. თავის მხრივ, საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს შიდა ქართლის პოლიციაც. არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში დამნაშავე პირთა წრე კიდევ უფრო გაიზარდოს. მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების დასაკავებლად 2 დღის წინ ერთდროულად გორსა და თბილისში ჩატარდა, რა დროსაც პოლიციამ 10-ზე მეტი პირი დააკავა.

ბრალდებულმა სასამართლოზე ნაწილობრივ აღიარა, რომ ნარკოდანაშაულის მონაწილე იყო, თუმცა შეეცადა მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ ამას სხვების დასახმარებლად აკეთებდა და ნარკოტიკს ფულის სანაცვლოდ არ ყიდდა. დაკავებულს სიტყვით გამოსვლა ადვოკატმა შეაწყვეტინა და ურჩია, რომ დუმილის უფლებით ესარგებლა.

სიტყვის უფლებით ისარგებლა დღეს კიდევ ერთმა დაკავებულმაც. არჩილ ჯონიშვილმა ჯერ დარბაზში მსხდომ ოჯახის წევრებს მიმართა და შემდეგ მოსამართლეს წარდგენილ ბრალდებაში გამართლება სთხოვა. ბრალდებულმა თქვა, რომ ის ნარკოდამოკიდებულია და არა რეალიზატორი.

ბრალდებულები შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა ორი დღის წინ სპეცოპერაციისას დააკავეს. ნაწილი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლებში აიყვანეს, ნაწილი კი მაშინ, როდესაც ისინი ქუჩაში გადაადგილდებოდნენ. პირადი და ავტომობილების ჩხრეკისას პოლიციამ კონკრეტული მტკიცებულებები ამოიღო. ოფიციალური ინფორმაციით საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით, სხვადსხვა დასახელების ნარკოტიკული ნივთიერებები და სავარაუდოდ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოპოვებული საკონტროლო შესყიდვების კადრებიც გაავრცელა.

ეს მტკიცებულებები არასაკმარისია დაკავებულების ადვოკატებისთვის და იურისტები კონკრეტული მასალების მოპოვებას აპირებენ.

პროკურატურამ კი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დღეს მტკიცებულებებზე არ ისაუბრა, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, საქმეში დევს ვიდეო ჩანაწერები, მოწმეების ჩვენებები და ექსპერტიზის პასუხები.

რა დამატებითი მტკიცებულებები ექნებათ მხარეებს ნარკოდანაშაულის საქმეზე, ეს სასამართლო განხილვებისას გაირკვევა, მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა წინასასამართლო სხდომა 3 ნოემბერს დანიშნა.

დღის ამბები