96 წლიდან 70 წლის მანძილზე ელისაბედ მეორემ დიდი ბრიტანეთის სამეფო გვირგვინი ატარა. ათი წლისამ შეიტყო, რომ იმპერიის მონარქი, მისი მამა, ჯორჯ მეექვსე ხდებოდა, 13 წლისამ კი, მომავალი მეუღლე, საბერძნეთის პრინცი ფილიპი გაიცნო, რომელიც მისი ცხოვრების მეგზური 2021 წლამდე იყო. უკვე 25 წლის ელისაბედმა აფრიკაში მოგზაურობისას გაიგო, რომ სახლში დაბრუნებულს დედოფლის გვირგვინი ელოდა. თუმცა, მანამდე ჯერ კიდევ პრინცესა ელისაბედმა ბრიტანელებს თავი იმით შეაყვარა, რომ საკუთარი ხალხი, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მეორე მსოფლიო ომის დროს არ მიატოვა. მომავალმა მონარქმა ლონდონის დატოვებაზე უარი განცხადა და რიგით მოქალაქეებთან ერთად ქარხნებში მუშაობდა.
ბრიტანეთის უცვლელმა დედოფალმა გაცილებით დიდი კვალი დატოვა პოლიტიკაში. მართალია ელისაბედ II ინგლისის შიდა პოლიტიკაში აქტიურად არ ერეოდა, მაგრამ 70 წლის განმავლობაში უინსტონ ჩერჩილიდან დაწყებული ლიზ ტრასით დასრულებული 15 პრემიერ-მინისტრის დანიშვნა მოასწრო. მსოფლიოში კი რთულად მოიპოვება ლიდერი, რომელსაც დედოფალი არ შეხვედრია. ელისაბედ II-ეს სხვა მონარქებისგან კიდევ ერთი დეტალი გამოარჩევს. 96 წლის დედოფალს ცხოვრების ბოლომდე არ უთქვამს უარი ცხენებით სეირნობასა და დოღებზე.
"ყველას წინაშე ვაცხადებ, რომ ჩემი ცხოვრება, იქნება ის ხანმოკლე თუ გრძელი, მიეძღვნება თქვენს სამსახურს" - ეს 25 წლის ელისაბედ II-ეს პირველი მიმართვაა, რომელმაც მაშინ აფრიკაში მამის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. სწორედ 1952 წლიდან დაიწყო მონარქის გზა, რომელზეც დედოფალმა თითქმის ერთი საუკუნე იარა.
თუმცა მონარქად არ დაბადებულა - სამეფო იერარქია ბიძის, ედვარდ მე-8-ის გადაწყვეტილებამ შეცვალა, რომელმაც ტახტზე სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობების გამო თქვა უარი. ტახტი ჯორჯ VI-ეს ერგო, რომლის პირველი მემკვიდრეც სწორედ ელისაბედ II იყო. გვირგვინი რთულ დროს ჩაიბარა, როდესაც ბრიტანეთის იმპერია გავლენებს კარგავდა, კოლონიებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, ევროპაში კი ფეხს ცივი ომი იკიდებდა. აქტიურ პოლიტიკაში ჩარევა არ უფიქრია, თუმცა არ მორიდებია არც პოლიტიკურად თამამ ნაბიჯებს. ასეთი იყო მაგალითად იმპერიის დაშლის შემდეგ, 1961 წელს განაში ჩასვლა და მისი წინააღმდეგობით სავსე პრეზიდენტ ნკრუმასთან ცეკვა, რამაც ყველა შოკში ჩააგდო, განსაკუთრებით კი ბრიტანელები. იყო პირველი მონარქი, ვინც ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა უკვე დამოუკიდებელი ირლანდიის ჩრდილოეთს.
ტახტზე ყოფნის ხანგრძლივობით ელისაბედ II-მ ყველა წინაპარს გაუსწრო. ამიტომაა, რომ მსოფლიო მის გარეშე ბრიტანეთს ვერც კი იხსენებს, ამ დროის მანძილზე ელისაბედ II-მ ბრიტანეთის 15 პრემიერ-მინისტრი დანიშნა. იმოგზაურა 120 ქვეყანაში, წლიურად მართავდა დაახლოებით 400-მდე შეხვედრას. ბევრისთვის მონარქი იყო მთავარი ფიგურა საუკუნის გარდამტეხ მომენტებში, რომელიც 70 წლიანი მმართველობის განმავლობაში მართლაც ბევრი იყო.
გარდამტეხი მომენტები არ აკლდა არც სამეფო ოჯახს. ყველაზე დიდი კრიტიკა პრინცესა დიანას ავტოკატასტროფაში გარდაცვალებას მოჰყვა. მას შემდეგ ლედი დის თაყვანისმცემლებისთვის დედოფალი ანტიგმირად იქცა. არ მოეწონათ მისი დაგვიანებული, ბევრისთვის კი გულგრილი რეაგირება, ისევე როგორც მისი მკაცრი დამოკიდებულება დიანას თავისუფალი ბუნების მიმართ. მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვა ბევრისთვის არადამაჯერებელი იყო.
ელისაბედ II მონარქთან ერთად იყო მეუღლე და 4 შვილის დედაც, რომლებიც მისი მთავარი მეგზურისგან, საბერძნეთის პრინცი ენდრიუს ვაჟის, პრინცი ფილიპისგან ყავს. ის შარშან გარდაიცვალა, რამაც დედოფალზე უმძიმესი გავლენა მოახდინა. ამასთან ელისაბედ II რვა შვილიშვილის ბებია იყო, მოესწრო 10 შვილთაშვილს. დიდ ოჯახს სკანდალები არ აკლდა. სულ ბოლოს უკვე შვილიშვილების ხაზით, რამაც იერარქია კიდევ ერთხელ შეცვალა, როდესაც პრინცი ჰარი, მეგან მარკლისთან ერთად სასახლეს გაემიჯნა, მოგვიანებით კი ტაბლოიდებთან სამეფო ოჯახის რასისტულ მიდგომებზე ალაპარაკდნენ.
თუმცა მსოფლიო ლიდერები დედოფალს იხსენებენ როგორც თბილ, ღიმილიან პიროვნებას, რომელსაც იუმორი გამოარჩევდა.
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერები აღნიშნავენ, რომ შეხვედრებზე დედოფალი ყოველთვის სრულად ინფორმირებული ხვდებოდათ და ყველაზე ყველაფერი იცოდა, რაც მათთვის ხშირად დამაბნეველიც კი იყო. ციფრულ ეპოქაში მისი პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და მსოფლიოში ყველაზე ცნობად ფიგურად აქცია, რადგან არასდროს უთქვამს უარი სიახლეებზე. ყველასთვის დასამახსოვრებელი იყო ლონდონის ოლიმპიადის გახსნა, სადაც ის ბრიტანეთის კიდევ ერთ სიმბოლოსთან, აგენტ 007-თან ერთად გამოჩნდა. ან ყველაზე ცნობილი დათვ, პადინგტონთან გამართული დიალოგი მის იუბილეზე.
არქივი დედოფლის მსოფლიოს არაერთ ლიდერთან თუ გამორჩეულ ადამიანთან შეხვედრის კადრებს ინახავს - ფეხბურთის მეფედ წოდებული პელედან დაწყებული, ბორის ელცინით დამთავრებული. მსოფლიოს მან თავი დაამახსოვრა, როგორც კონსტანტამ ანუ მუდმივამ, რომლის წასვლითაც მთელი ეპოქა დამთავრდა.