ვიდრე გარდაცვლილ დედოფალს გაერთიანებული სამეფო საბოლოოდ გამოემშვიდობება, მანამდე ლონდონში უკვე ახალ მონარქს დახვდნენ. მეფის რანგში ჩარლზ მესამეს ათასობით მოქალაქე ბუკინგემის სასხლესთან ელოდა. ელისაბედ II-ის უფროსმა შვილმა, სამძიმარი ბრიტანელი ხალხისგან ჰიმნის ფონზე პირადად მიიღო.
სამგლოვიარო ცერემონიალის პირველი დღის ფარგლებში, ბრიტანელები სამეფო სასახლის კარიბჭეს ლონდონში ყვავილებით ამკობდნენ. დედოფლის სიცოცხლის 96 წლისადმი პატივის მისაგებად კი, ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა ქალაქში ერთმანეთის პარალელურად, ქვემეხებიდან 96-ჯერ გაისროლეს.
წუთიერი დუმილით დაიწყო ბრიტანელი კანონმდებლების შეკრება პარლამენტში, სადაც ლიზ ტრასმა თემთა პალატას მიმართა. ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა დედოფალი დაახასიათა, როგორც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლიდერი.
სამეფო ოჯახი მთელი დღის განმავლობაში იღებს სამძიმრის წერილებსა და საგანგებო მიმართვებს მსოფლიოს ლიდერებისგან. დედოფლის 70 წლიანი მმართველობის მნიშვნელობაზე ისაუბრა თანამეგობრობის სამეფოს წევრი ქვეყნის, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ. 7 ათწლეულის განმავლობაში ბრიტანეთის მხრიდან საფრანგეთისთვის გაწეულ დახმარებას გაუსვა ხაზი საგანგებო მიმართვაში ემანუელ მაკრონმაც. მისი თქმით, ელისაბედ II-ს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ისტორიის ფორმირებაში.
ელისაბედ II-ს ხსოვნას პატივს მიაგებენ შეერთებულ შტატებშიც, სადაც პრეზიდენტის განკარგულებით თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმზე დროშები სანახევროდ დაუშვეს. სამძიმრის სათქმელად, ვაშინგტონში, ბრიტანეთის საელჩოში მეუღლესთან ერთად მივიდა ჯო ბაიდენიც. ამერიკის 46-ე პრეზიდენტი გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მიიღო. მოგვიანებით კი ბაიდენი ელისაბედ II-ის გარდაცვალებას კიდევ ერთი განცხადებით გამოეხმაურა და დედოფალი მერილენდში გამართულ დემოკრატების შეხვედრაზე გაიხსენა.
მეფე ჩარლზ მესამე არ არის ერთადერთი წევრი სამეფო ოჯახიდან, ვისი წოდებაც შეიცვალა. ამიერიდან კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას, პრინც უილიამსა და მის მეუღლეს ქეით მიდლტონს ახალი ტიტულები მიენიჭათ. როგორც ცნობილია, ელისაბედ II-ს შვილიშვილ უილიამსა და მის მეუღლე ქეითს ამიერიდან კორნუოლისა და კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ეწოდებათ.
უილიამი ასევე მიიღებს უელსის პრინცის ტიტულს, თუმცა, ეს არ მოხდება მანამ, სანამ ჩარლზი მას ტიტულს თავად არ გადასცემს.
რაც შეეხება დედოფლის უმცროს შვილიშვილ ჰარის, ის და მისი მეუღლე კვლავ სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად რჩებიან.
ავტორი: სანდრო სანაია.