დიდ ბრიტანეთში გლოვაა. დედოფალს 10-11 დღეში დაკრძალავენ. თარიღს ბუკინგემის სასახლე უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
ჰაიდ პარკსა და თაუერ ჰილზე 96-ჯერ გაისვრიან, თითოეული გასროლა დედოფლის სიცოცხლის თითოეულ წელს მიეძღვნება. ზარებს დარეკავენ ვესტმინსტერის სააბატოში, წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში და უინძორის სასახლეში. დედოფალს პატივს მიაგებენ პარლამენტში, სადაც დროშები დაკრძალვის მომდევნო დღემდე დაეშვება.
მეფე ჩარლზი პირველ აუდიენციას პრემიერ-მინისტრთან გამართავს. ის ასევე შეხვდება ერლ მარშალს, რათა ოფიციალურად მოაწეროს ხელი დაკრძალვის სრულ გეგმას.
გაწევრიანების საბჭო, რომელიც მოიცავს მთავრობის მაღალჩინოსნებს და საიდუმლო მრჩევლებს, შაბათს შეიკრიბება ახალი მეფის გამოცხადებისთვის.
მოსალოდნელია, რომ დედოფალს ბალმორალიდან ბუკინგემის, შემდეგ კი ვესტმინსტერის სასახლეში გადაასვენებენ. დაკრძალვა სავარაუდოდ, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.
დედოფლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ მსოფლიოს ყოფილი თუ მოქმედი ლიდერები:
"ეს არის ძალიან სამწუხარო დღე ყველა ჩვენგანისთვის არა მხოლოდ აქ ამ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, რადგან დედოფალს პატივს სცემდნენ მთელ მსოფლიოში. ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთგული იყო საკუთარი მოვალეობისადმი და ჩვენთვის შთაგონების მაგალითი იყო. როგორც პრემიერ მინისტრს, რა თქმა უნდა, გამიმართლა, რომ შევძელი შევხვედროდი მას სხვადასხვა ვითარებაში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის არ იყო მხოლოდ ჩვენი დედოფალი. ის იყო დედა, ბებია და დიდი ბებია. ჩემი ფიქრები და ლოცვები მთელ სამეფო ოჯახს ეხება," - განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ.
კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით დედოფალი ელისაბედ II იყო მისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადამიანი მსოფლიოში:
"უღრმესი მწუხარებით შევიტყვეთ მისი უდიდებულესობის დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შესახებ. მას ჰქონდა ღრმა და მუდმივი სიყვარული კანადელების მიმართ. ის ყველას ძალითა და სიბრძნით გვემსახურა 70 წლის განმავლობაში. ჩვენ გავიზარდეთ მრავალფეროვან, ოპტიმისტურ, პასუხისმგებელ, ამბიციურ და არაჩვეულებრივ ქვეყანაში, როგორშიც დღეს ვართ. როგორც მისი მე-12 კანადის პრემიერ-მინისტრი, მიჭირს იმის დაჯერება, რომ ჩემი ბოლო შეხვედრა მასთან ბოლო იყო. ძალიან მომენატრება ეს საუბრები. ის იყო მოაზროვნე, ბრძენი, ცნობისმოყვარე, დამხმარე, მხიარული. რთულ სამყაროში მისმა გულმოწყალებამ და სიმტკიცემ ყველას კომფორტი და ძალა მოგვცა. კანადა გლოვობს. ის იყო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადამიანი მსოფლიოში და ძალიან მომენატრება,"- აცხადებს ჯასტინ ტრუდო.
ავტორი: სანდრო სანაია