შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, მანამ, სანამ უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია არ შეწყდება- ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ენტონი ბლინკენმა შეხვედრაზე უკრაინისთვის გამოყოფილი 675 მილიონი დოლარის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ განაცხადა.
"ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვიცით, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია. ძალიან მოხარულები ვართ, რომ შევძელით თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერა და ასე გავაგრძელებთ. მაგრამ ფუნდამენტურად, ვფიქრობ, ამ წარმატების მიზეზი არის ის, რომ ეს თქვენი სამშობლოა და არა რუსეთის. ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, რომ შემიძლია გამოვაცხადო უკრაინის დამატებითი მხარდაჭერა, კიდევ 675 მილიონი დოლარი სისტემებისა და მარაგებისთვის, რომლებსაც თქვენი სამხედროები უკვე იყენებენ - რაკეტები, არტილერია, ჯავშანტექნიკა, ანტი -სატანკო სისტემები. ეს ჩვენს მთლიან დახმარებას უკრაინისათვის თებერვლიდან 13,5 მილიარდ დოლარამდე აქცევს. ჩვენ ასევე ვაცნობეთ კონგრესს ჩვენი განზრახვის შესახებ, რომ უკრაინისთვის მიგვეწოდებინა დამატებითი 1 მილიარდი დოლარი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ საგარეო სამხედრო დაფინანსებას. ეს არის სისტემების გრძელვადიანი შესყიდვისთვის. ჩვენ ასევე გამოვყოფთ $1 მილიარდს დამატებით დაფინანსებას ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად. ეს საშუალებას იძლევა იმ სისტემების შესყიდვის, რომლებიც გჭირდებათ და სხვებს დასჭირდებათ გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესია,"-აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო მდივანს კიევში ვიზიტისა და უკრაინის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლიერება გამოვხატო თქვენი და თქვენი გუნდის ვიზიტისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, რომელიც ადასტურებს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის მხარდაჭერას უკრაინის, მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ხალხისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მადლობელი ვართ იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ უკრაინას ყოველდღიურად უწევთ. მადლიერება მინდა გამოვხატო პირადად თქვენი და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, იმ ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც უკრაინის ეკონომიკის სტაბილურობას და ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას უზრუნველყოფს. ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია შეგვეძლოს იმის თქმა, რომ შეერთებული შტატები ჩვენ გვერდითაა. ეს ჩვენთვის ჩვენი ტერიტორიების და მიწების დაბრუნების შესაძლებლობის გარანტია,"-განაცხადა ზელენსკიმ.