27 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
თაღლითობის მორიგი ფაქტი სკოლაში - სოფელ იანეულის სკოლის ბუღალტერს, გამოძიება მოსწავლეებისთვის განკუთვნილი 5 000 ლარის მითვისებას ედავება

64 წლის თინა ჩავლეიშვილი, რომელიც თითქმის 13 წელია ჩოხატაურის რაიონის, სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მუშაობს, საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებას ელოდება.

პენსიონერ ბუღალტერს რამდენიმე ათასი ლარის მითვისებას ედავებიან, თუმცა თავად ეჭვმიტანილი "კურიერთან" ბევრს არაფერს ამბობს და გამოძიების დასრულებას ელოდება.

თავად არ ყვება, თუმცა სავარაუდო თაღლითობაზე სკოლის დირექტორი საუბრობს. ამბობს, რომ მისი თანამშრომელი დანაშაულს აღიარებს. ფინანსური მაქინაციური სქემა სწორედ სკოლის დირექტორმა გამოააშკარავა. ეს მას შემდეგ, რაც ბიუჯეტში უზუსტობა შეამჩნია და არსებული საკითხის შესწავლა დაიწყო. თაღლითური სქემის განხორციელების პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია, ის რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. სკოლის ბიუჯეტიდან თანხები ყოველთვიურად ქრებოდა, თუმცა რაოდენობა იმდენად ცოტა იყო, რომ მისი შემჩნევა შემოწმების გარეშე შეუძლებელი აღმოჩნდა. საუბარია დაახლოებით ყოველთვიურად მისაკუთრებულ 250 ლარზე, რომელსაც სავარაუდოდ სკოლის ბუღალტერი ხელფასის სახით საკუთარ თავს ურიცხავდა.

მას შემდეგ, რაც ლალი წულაიამ სკოლის ბიუჯეტიდან გამქრალი თანხის შესახებ შეიტყო, ძიების პროცესში საგანმანათლებლო რესურსცენტრი და განათლების სამინისტრო ჩართო. ირკვევა, რომ თანხები სკოლის ბუღალტრის პირად ანგარიშზე პანდემიის პერიოდში ირიცხებოდა.

მომხდარი უკვირთ სკოლის თანამშრომლებს. პედაგოგები 64 წლის ქალს დადებითად ახასიათებენ, ამბობენ, რომ ბუღალტრის სავარაუდო მაქინაციის შესახებ, მათ ინფორმაცია არ ჰქონიათ. ეჭვმიტანილი ამ ეტაპისთვის დაკავებული არ არის და შრომითი ხელშეკრულებაც ამ დრომდე შეწყვეტილი არ აქვს.

საუბარი დაახლოებით 5000 ლარის მითვისებაზეა, რომელიც სავარაუდოდ სკოლის ბუღალტერმა პირადი მოხმარებისთვის დახარჯა. საკითხი ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზეა და მას აჭარის პროკურატურა იძიებს.

დღის ამბები