27 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
რუსეთის "ფილტრაციის ოპერაციები" შემზარავია - გაეროში აშშ-ის ელჩი 

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ზედამხედველობენ და კოორდინაციას უწევენ უკრაინაში ე.წ. ფილტრაციის ოპერაციებს - ამ სიტყვებით დაადანაშაულა რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, შტატების ელჩმა. ლინდა თომას-გრინფილდმა რუსეთს მოსთხოვა შეწყვიტოს აღნიშნული პრაქტიკა. 

"ფილტრაციის ოპერაციების" თვითმხილველები და გადარჩენილები ყვებიან ისტორიებს რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილი მუქარის, შევიწროებისა და წამების ფაქტების შესახებ. ადამიანებს ჩამოართვეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და კომუნიკაციის ყველა საშუალება, მათ ჩხრეკდნენ აგრესიულად და დაკითხვას უტარებდნენ არაადამიანურ და დამამცირებელ გარემოებებში.

ეს მართლაც შემზარავია. რატომ აკეთებენ ისინი ამას? მიზეზი მარტივია: ანექსიის მცდელობის მოსამზადებლად. მიზანი არის ოკუპაციისა და უკრაინის კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის საბოლოო ანექსიისთვის ლეგიტიმაციის თაღლითური საფარის უზრუნველყოფა. ამ ფაქტების გაყალბების მცდელობა არის ყალბი რეფერენდუმის არგუმენტი. რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას. ჩვენ პასუხი უნდა ვაგებინოთ ამ სისასტიკეების ჩამდენებს," - აცხადებს ლინდა თომას-გრინფილდი.

სხდომაზე გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა გაეროში რუსეთის ელჩმა. ვასილი ნებენზიამ მოსკოვის წინააღმდეგ ბრალდებებს დეზინფორმაციულ კამპანიაში უკრაინის და დასავლეთის მიერ წამოწყებული ახალი ეტაპი უწოდა.

"დღევანდელი შეხვედრა არის ახალი ეტაპი დეზინფორმაციულ კამპანიაში, რომელიც უკრაინამ და მისმა დასავლელმა მხარდამჭერებმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გააჩაღეს. ჩვენ ახლა გარკვეულ ფილტრაციულ აქტივობებს გვაბრალებენ, რომელსაც თითქოს უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ ვახორციელებთ. "ფილტრაციას" არ აქვს მკაფიო განმარტება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. ამერიკელმა კოლეგებმა შეიძლება სხვებზე უკეთესად გვითხრან ფილტრაციის აქტივობების შესახებ. უბრალოდ გადახედეთ წინა ადმინისტრაციის დადგენილებებს იძულებით გადაადგილებული მექსიკელების შესახებ, რომლებმაც თავშესაფარი შეერთებულ შტატებში მოითხოვეს. მათ არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ," - აცახდებს ვასილი ნებენზია.

გაეროში უკრაინის ელჩის მოადგილემ ხრისტინა ჰაიოვიშინიმა კი განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება "საშიში" ადამიანების ძიების საბაბით უკრაინის მოქალაქეებს ატერორებს. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ ან უკრაინის მთავრობასთან ან მედიასთან კავშირში არიან, ნაცრისფერ ზონაში ქრებიან.

"უკრაინის ათასობით მოქალაქე იძულებით დეპორტირებულია ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის იზოლირებულ და კრიზისით მოცულ რეგიონებში. სულ დეპორტირებულია 2.5 მილიონი ადამიანი, მათ შორის 38 ათასი ბავშვი," - აცხადებს ხრისტინა ჰაიოვიშინი.




 

დღის ამბები