კალიფორნიის საოლქო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა, რომლის მიხედვითაც "ნეტფლიქსსა" და ნონა გაფრინდაშვილს შორის შეთანხმება შედგა, მსოფლიო პრესა აალაპარაკა. საერთაშორისო მედიამ მკითხველს უთხრა, რომ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი არა რუსი, არამედ ქართველი სპორტსმენია და "ნეტფლიქსმა" სერიალ "ლაზიერის გამბიტში" ფაქტები დაამახინჯა.
დიდოსტატის დავა "ნეტფლიქსთან", "ლეგენდარული საჭადრაკო პარტია" აღმოჩნდა, რომელიც კვლავ გაფრინდაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ერთთვიანი მედიაციის ინიციატორი საქმის მოსამართლე იყო. მედიატორ ბობ კაიზერის ჩართულობით, მხარეთა იურისტებსა და ნონა გაფრინდაშვილს შორის შეთანხმება შედგა. მოლაპარაკებების შედეგები კონფიდენციალურია და არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ "ნეტფლიქსმა" შეთანხმების ყველა პირობა უკვე შეასრულა.
სერიალში ნონა გაფრინდაშვილი ნახსენებია როგორც რუსი მოჭადრაკე, ასევე სცენარის მიხედვით, მას 1968 წლისთვის ნათამაშები არ ჰქონდა პარტია მამაკაცებთან. გაფრინდაშვილმა ბოდიშის მოხდა, სერიალში ცვლილების შეტანა და ზარალის ანაზღაურების სახით 5 მილიონი დოლარი მოითხოვა. ცნობილია, რომ დღეს მიღწეულ შეთანხმებაში არ შედის სერიალში ცვლილების შეტანა, მკაცრად გასაიდუმლოებულია სხვა დეტალები, თუმცა ცნობილია, რომ "ნეტფლიქსმა" ყველა პირობა უკვე შეასრულა.
მოსარჩელე ნონა გაფრინდაშვილმა კალიფორნიის სასმართლოს, სიმართლის დასამტკიცებლად ყველა მტკიცებულება წარუდგინა. მათ შორის, 1963 წელს გადაღებული ეს ფოტო, სადაც დიდოსტატი საქართველოს პირველობისთვის რომან ჯინჯეიშვილს ეპაექრება. ეს გაფრინდაშვილის მამაკაცთან შესრულებული პირველი საჭადრაკო პარტიაა. არქივის მიხედვით, 1968 წლისთვის, ანუ იმ პერიოდისთვის, რა დროსაც ფილმის სცენარი ვითარდება, გაფრინდაშვილი უკვე 59 მამაკაცს უწევდა მეტოქეობას.
ნონა გაფრინდაშვილი დღეს მედიაში არ გამოჩენილა. გიგანტური "ნეტფლიქსის" ინტერესების დამცველებმა კი გამოხატეს კმაყოფილება დასრულებული დავისა და შემდგარი შეთანხმების გამო.