27 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
არახამიას ვიდეომიმართვა ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი პოლიტიკოსებისთვის - როგო პასუხობენ "ხალხის მსახურის" ლიდერს მმართველი გუნდის წევრები

მორიგი მუქარა კიევიდან მას შემდეგ გაისმა, რაც უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქართველი ბიზნესმენების ე.წ. შავი სია გამოაქვეყნა. დღეს რადას უმრავლესობის ლიდერმა მისი გაფართოება დააანონსა. დავით არახამიამ დღეს სპეციალური ვიდეომიმართვა მისთვის სასურველ ტელეარხებს გამოუგზავნა. უკრაინელი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციებს კვლავ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ითხოვს.

მორიგ დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და მუქარას მალევე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უპასუხა. ირაკლი კობახიძე არახამის და ქართულ ოპოზიციას ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის სურვილზე ღიად საუბარს ურჩევს. "ქართული ოცნების" ლიდერის განმარტებით, სანქციების სიის ქართველი ავტორების მიზანს, უკრაინისთვის ე.წ. უსაფრთხოების სარტყელის შექმნა წარმოადგენს, რაზეც უკვე დაუფარავად საუბრობენ.

ის, რაც კობახიძემ თქვა, მალევე ხატია დეკანოიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი არ უარყოფს, რომ დასასანქცირებელთა სიების შექმნაზე თავადაც მუშაობს. დეკანოიძის თქმით, ის და მისი თანამოაზრეები გააკეთებენ ყველაფერს, რაც უკრაინის სტრატეგიული ინტერესებისთვის საჭირო იქნება.

სანქციების აუცილებლობასთან დაკავშირებით მეტ არგუმენტს ითხოვს ოპოზიციის დიდი ნაწილი. მათი თქმით, თუ "ნაცმოძრაობა" და ოფიციალური კიევი ქართველების რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებებს ვერ დადებს, საუბარი სანქციებზე არასერიოზულად ჩაითვლება. "ნაცმოძრაობის" გარდა, გამოქვეყნებული სიის ეფექტურობის მხოლოდ "ლელოში" სჯერათ.

ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პასუხი "ნაცმოძრაობისა" და დავით არახამიას მუქარასთან დაკავშირებით. მმართველ პარტიაში დღეს ელენე ხოშტარიას, ხატია დეკანოიძის და მათი თანამოაზრეების ბრიფინგებიც გაიხსენეს და თქვეს, რომ უკრაინის მთავრობაში "ნაციონალური მოძრაობის" ფრთა საკმაოდ აქტიურია.

ვის დამატებას გეგმავს დავით არახამია "შავ სიაში", ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია. ოფიციალური კიევისთვის სასურველი დასასანქცირებელთა 15 კაციანი სია, ერთ-ერთ სამთავრობო საიტზე ორი დღის წინ გამოქვეყნდა.

დღის ამბები