27 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
გადაკეტილი ქუჩები, სპეცრაზმი და დიდი რაოდენობით ნარკოტიკი - მასშტაბური სპეცოპერაცია გორსა და თბილისში

შუახნის მამაკაცმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ ნივთიერება რომელიც მას ჯიბეში უპოვეს, პირადი მოხმარებისთვისაა. პოლიციამ ტუგო კალანდაძე ნარკორეალიზაციის ბრალდებით, გორში, კომბინატის დასახლებაში, ქუჩაში აიყვანა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს, რამდენიმე საათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

სპეცრაზმი და პოლიცია იყო მობილიზებული გორში - წმინდაწყლის დასახლებაშიც, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაციც ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. სპეცოპერაცია მაშინ ჩატარდა, როდესაც ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. პირადი და მანქანის ჩხრეკისას გამოძიებამ ამ შემთხვევაშიც კონკრეტული მტკიცებულებები ამოიღო.

კიდევ ერთი ადგილი გორში, სადაც დღეს "კურიერის" კამერამ სპეცოპერაცია გადაიღო, ჭალის დასახლება იყო. 51 წლის მამაკაცი, სახლთან ახლოს აიყვანეს.

"კურიერის" ინფორმაციით, ის არჩილ ჯონიშვილია, რომელიც ანალოგიურ დანაშაულზე უკვე ნასამართლევია. მის სახლს პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდა. მეზობლებს ჯონიშვილის საქმიანობაზე არაფერი სმენიათ, ამბობენ, რომ დანაშაულის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც თამარ მეფის ქუჩაზე პოლიცია გამოჩნდა.

ნარკორეალიზაციის ბრალდებით, გორის გარდა, პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ მეჯვრისხევშიც აიყვანა. დაკავებული, სამართალდამცველების მისვლისას, საკუთარ სახლში იმყოფებოდა. საგამოძიებო მოქმედებებს მეზობლების ნაწილიც დაესწრო.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის საქმეზე დღეს სულ 7 პირი დააკავეს. მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია კონკრეტული მტკიცებულებები. საგამოძიებო მოქმედებები რეგიონში ამ დრომდე გრძელდება.

ფარული ვიდეო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის ბოლოს გაავრცელა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოპოვებულ კადრებში, საკონტროლო შესყიდვებია ასახული. ჩანს, როგორ ამზადებენ სავარაუდოდ დაკავებულები სარეალიზაციოდ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, შემდეგ როგორ ყიდიან და როგორ დებენ სხვადასხვა ადგილებში, რათა მომხმარებელმა იპოვოს. უწყების ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის საქმეზე სულ 16 პირია დაკავებული, აქედან თოთხმეტს რეალიზაციის ბრალდება აქვს.

რეგიონების გარდა სპეცოპერაცია დღეს დედაქალაქშიც მიმდინარეობდა. სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი აიყვანა. მამაკაცი მობილურების ყიდვა-გაყიდვის ჯიხურში მუშაობდა.

ნარკოდანაშაულის საქმეზე, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს აჭარაში და ქვემო ქართლშიც. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, ამოღებულია თანხა და დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული ნივთიერებები, მათ შორის 626 აბი სუბოტექსი, 2 კილოზე მეტი სირეცი, 565 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი, 150 გრამი კოკაინი, "ემდიემაის" შემცველი 418 აბი და ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდი.

 

დღის ამბები