კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ მედიის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები შეაჯამა და გამოყენებული სანქციების შესახებ პარლამენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
კახა ბექაურის განცხადებით, არასწორია ბრალდება, თითქოს კომუნიკაციების კომისიას შერჩევითი სამართალი აქვს ოპოზიციური მედიის მიმართ და მათ სანქცირებას კომისია უფრო ხშირად ახდენს. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნულზე სწორედ ბოლო სამი წლის განმავლობაში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მედიის მიმართ გამოყენებული სანქციების მაჩვენებლები მეტყველებს.
"არასწორი შეფასებაა, რომ კომუნიკაციების კომისია სჯის მედიას. კომუნიკაციების კომისიის არცერთი გადაწყვეტილება და მედიის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, რამაც სანქცირება გამოიწვია, არც რაოდენობრივად და არც ხარისხობრივად არ მეტყველებს იმაზე, რომ კომუნიკაციების კომისია სჯის მედიას. ასევე არასწორია ბრალდება, რომ თითქოს შერჩევითი სამართალი აქვს კომისიას ოპოზიციური მედიის მიმართ. ჩვენ მოვიყვანეთ რაოდენობრივი მაჩვენებლები, კერძოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2019, 2020 და 2021 წლებში ყველაზე ბევრჯერ, 12-ჯერ ტელეკომპანია "იმედი" დაჯარიმდა, აქედან ფინანსურად - 3-ჯერ.
შემდეგ მოდის "მთავარი არხი", რომელიც სამი წლის განმავლობაში კომისიამ სამართალდამრღვევად ჯამში 10-ჯერ ცნო, აქედან ფინანსური ჯარიმა 4-ჯერ დაეკისრა. "რუსთავი 2" 7-ჯერ დაჯარიმდა, აქედან 2-ჯერ ფინასნსური ჯარიმით, "ტვ პირველი" 3-ჯერ არიან სანქცირებული, თუმცა ფინანსური ჯარიმა მას არ აქვთ მიღებული. ტელეკომპანია "ფორმულა" სამი წლის განმავლობაში სულ 2-ჯერ არის სამართალდამრღვევად ცნობილი და დაკისრებული აქვს ფინანსური ჯარიმა ერთხელ," - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.