მესამე მარცხი ევრობასკეტზე, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბულგარეთთან პრინციპულ შეხვედრაში უშანსოდ 92-80 დამარცხდა. ბულგარეთმა მეტოქეს ფაქტობრივად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა, განსაკუთრებით სტუმრები პერიმეტრზე დომინირებდნენ, მათ 19 სამქულიანი ზუსტად შეასრულეს.
ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ბოსტისა და ვოზენკოვის დუეტი, რომლებმაც საერთო ჯამში საკუთარ გუნდს 61 ქულა შესძინეს.
ბულგარეთთან მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე რთულ მდგომარეობაშია, ჩვენი გუნდი საკუთარ თავზე დამოკიდებული აღარ არის. ამ დროისთვის ევრობასკეტის "ა" ჯგუფს ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებები ლიდერობენ, მესამე მეოთხე ადგილებს იყოფენ ბელგია და მონტენეგრო, ბულგარეთი და საქართველოს ნაკრები კი 5-5 ქულით მეხუთე მეექვსე ადგილებს ინაწილებენ. მეხუთე შეხვედრას ჩვენი გუნდი დღეს 21 საათზე გამართავს, ქართველი კალათბურთელები მონტენეგროს დაუპირისპირდებიან.