27 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ივანიშვილისა და კიდევ რამდენიმე ქართველი ბიზნესმენის შავ სიაში შეყვანა მოსთხოვა - ენმ ამბობს, რომ სიის შექმნის ერთ-ერთი თანაავტორია

ბიძინა ივანიშვილი, დავით ხიდაშელი, ვანო ჩხარტიშვილი - ეს იმ ქართველი ბიზნესმენების არასრული სიაა, რომელთა დასანქცირებასაც უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტო საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს. კიევში ფიქრობენ, რომ ქართველი ბიზნესმენები კორუფციულ სქემებში არიან ჩართული, თუმცა ამის დამტკიცებას, სხვა ბრალდებების მსგავსად, კვლავ არგუმენტების გარეშე ცდილობენ.

სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას დღეს აბსურდული უწოდა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ მეგობარი ქვეყნის მთავრობას შიდაკორუფციული პრობლემების მოგვარება ურჩია. მისი თქმით, მსგავსი სიების უკან ქართული ოპოზიციური სპექტრის ინტერესებიც დგას.

უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ცილისმწამებლური უწოდა ვანო ჩხარტიშვილმაც. ბრალდებების ადრესატი დღეს ე.წ. შავ სიას სპეციალური წერილით გამოეხმაურა. ჩხარტიშვილმა სიის ავტორებად ელენე ხოშტარია, ლევან ხაბეიშვილი და სხვა ოპოზიციონერები დაასახელა. ბიზნესმენი რეპუტაციული ზიანისთვის დავას საერთაშორისო სასამართლოში აპირებს.

"მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაცია, ჩემთვის, საფინანსო ინსტიტუტებთან, თუ საქმიან წრეებთან ურთიერთობაში, შეიძლება, აღმოჩნდეს გარკვეული რეპუტაციული ზიანის მომტანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლონდონის ავტორიტეტული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ უკვე მიმდინარეობს ჩემთვის და ჩემთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უსაფუძვლო ბრალდებებით მიყენებული ზარალის მასშტაბების შესწავლა, რომლის შემდეგაც იგეგმება სასამართლო პროცედურების დაწყება საერთაშორისო, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს სასამართლო იურისდიქციაში," - წერს ჩხარტიშვილი.

უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მთავარი წყარო და დასაყრდენი რომ "ნაციონალური მოძრაობაა", ეს, დღეს, ხატია დეკანოიძემაც დაადასტურა. ის რომ უკრაინული შავი სიის ერთ-ერთი თანაავტორი თვითონაცაა - "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ღიად თქვა.

უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული სიის ეფექტურობის სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილსაც სჯერა. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საუბრებმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე უკვე არასერიოზული სახე მიიღო.

ოპონენტებისა და მეგობარი ქვეყნის სახელისუფლებო წრეების სურვილს სპარლამენტო უმრავლესობაში მორიგი დესტრუქციული ნაბიჯი უწოდეს. მათი მმართველი გუნდის თქმით, ქართული ოპოზიცია და უკრაინის ხელისუფლების ნაწილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს მიზანმიმართულად აზიანებს.

ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ქართველი ბიზნესმენების შესახებ გავრცელებულ სიაზე დღეს შეერთებული შტატების ელჩმაც ისაუბრა. კელი დეგნანის თქმით, შეერთებული შტატები, სანქციებთან დაკავშირებით, მსგავსი სიებით არ ხელმძღვანელობს.

გააფართოებს თუ არა უკრაინული ანტიკორუფციული სამსახური ქართველების შავ სიას უცნობია. ამ დროისთვის, კიევის მიერ მოთხოვნიულ დასასანქცირებელთა ჩამონათვალში ძირითადად ის ადამიანები შედიან, რომელთა შესახებაც ბრიფინგებს საქართველოში პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია პერმანენტულად ატარებს. ანალოგიური გვარები მან გუშინდელ ბრიფინგზეც დაასახელა.

დღის ამბები