27 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
პარლამენტი ე.წ მოსმენების კანონზე ვეტოს დასაძლევად ემზადება - ოპოზიციისგან განსხვავებით, "ოცნება" პრეზიდენტის არგუმენტაციას არ იზიარებს

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით განხილვა უკვე ერთ საათზე მეტია გრძელდება. კითხვებს უსვამენ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს.

სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, ხელისუფლების ოპონენტ პარტიებშიც მიაჩნიათ, რომ უმრავლესობის მხარდაჭერილი კანონი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს აუარესებს

პრეზიდენტის ვეტოს ეთანხმება პარტია "გირჩი", როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, არ არსებობს რეალური პრობლემა, რომელსაც ეს კანონი პასუხობს:

"ეს არის ძალოვანი სტრუქტურების ცხოვრების გამარტივება ადამიანების უფლების ხარჯზე," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

რისკების ზრდაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თეონა აქუბარდიაც.

ოპოზციის შეკითხვების პასუხად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა ადამიანის უფლებებს შეექმნას, კანონის ამ სახით მიღების შემდეგ.

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილის თქმით, მმართველი პარტიის არგუმენტი ამ კანონთან დაკავშირებით არის ის, რომ მსგავსი სახით მიღება აუცილებელია იმ ფონზე, როდესაც გაზრდილია ჰიბრიდული ომის საფრთხეები. ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა ხომ არ მიუწოდებია  მთავრობას პრეზიდენტისთვის ინფორმაცია, რომ ამ ჰიბრიდული ომის გასამკლავებლად საჭირო იყო კანონში პრობლემების აღმოფხვრა, რაზეც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ მას ასეთი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

აქტიური და კრიტიკულია "ქართული ოცნება", რომელიც პრეზიდენტის არგუმენტაციას არ იზიარებს. 

ანრი ოხანაშვილის თქმით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ვერ წარმოადგინა მოტივირებული შენიშვნები იმ კანონპროექტთან დაკავშირებით. ოხანაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს მმართველ გუნდთან არასათანადო კომუნიკაციაში ადანაშაულებს.

"თქვენ შეხვდით ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაგრამ არ შეხვდით არცერთი სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, არ გამოითხოვეთ ინფორმაცია და არ შეხვდით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს,"- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას თქმით, პრეზიდენტი უპასუხისმგებლო პირების რიტორიკას აჰყვა და სამართალდამცავებს შეუზღუდა დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის შესაძლებლობა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე დაინტერესდა, აპრიორი მიუღებელია კანონპროექტი პრეზიდენტისთვის, თუ არსებობს გარკვეული ვადები და პირობები,

გიორგი მსხილაძის თქმით, ვადების გაზრდაზე ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში, არამედ ამაზე საუბრობს ვენეციის კომისიაც,

"მე არ ვამბობ, რომ ყოველივე, რაც კი მოყვანილია კანონპროექტში, არის დაუშვებელი, უბრალოდ ეს საჭიროებს დამატებით მსჯელობას და დისკუსიებს და სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ თქვენც, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაითვალისწინოთ,"- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

დღის ამბები