"ზაპოროჟიეს" ატომურ ელექტროსადგურში არსებული ვითარება უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან განიხილა.
ემანუელ მაკრონთან კომუნიკაციის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის პროვოკაციის გამო, ატომური ელექტროსადგური რადიაციული კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდა - მისივე თქმით, ვიდრე უკრაინა აკონტროლებდა სადგურს, საფრთხეები არ არსებობდა.
"რუსეთის მიერ გახსნილი მორიგი პროვოკაციული ცეცხლის შედეგად დაზიანდა ენერგოგადამცემი ბოლო ხაზი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, კვლავ რუსული პროვოკაციის გამო ზაპოროჟიეს სადგური რადიაციული კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდა. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ რუსეთმა ეს სწორედ ახლა გააკეთა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნების წინ, ბევრ რამეზე მეტყველებს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიისთვის ცეცხლის გახსნა ნიშნავს, რომ ტერორისტ სახელმწიფოს არ აინტერესებს, რას იტყვის საერთაშორისო სააგენტო, არ ადარდებს, რას გადაწყვეტს საერთაშორისო თანამეგობრობა. რუსეთი დაინტერესებულია მხოლოდ იმაში, რომ სიტუაცია, რაც შეიძლება, დიდ ხანს იყოს ცუდი. ამის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ სანქციების გაძლიერებით, ყველა დონეზე რუსეთის ტერორის სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარებით," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
აღსანიშნავია, რომ დღეს უნდა გამოქვეყნდეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის მონიტორინგის დასკვნა. ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ შეფასება ობიექტური იქნება.