საქართველოს ლიდერების და ყველა ქართველის ფოკუსი უნდა იყოს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა.
კელი დეგნანმა ვადამდელი არჩევნების თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება შეაფასა. მას კითხვა პარტიის დღის წესრიგზე დაუსვეს.
"საქართველოს ლიდერებისა და ყველა ქართველის ფოკუსი უნდა იყოს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე, ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ნორმალური პროცესია, არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, თუ როგორ უნდა მოხდეს 12 რეკომენდაციის შესრულება, ეს ძალიან ძლიერი სიგნალი იქნება ევროკავშირისთვის, თუ საქართველო მოახდენს განსხვავებული მოსაზრებების ინტეგრირებას.
12 რეკომენდაციაზე საპასუხოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ახლა ამოცანაა ყველაფერი თავმოყრილი იყოს ერთ ინტეგრირებულ დოკუმენტში, რომელიც ასახავს განსხვავებულ მოსაზრებებს საქართველოში.
ევროკავშირს სურს, მოისმინოს ეს ერთიანი ხმა, რომელიც 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ერთ ძლიერ პასუხად გაერთიანდება. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო სწორედ ამას გააკეთებს," - განაცხადა კელი დეგნანმა.