27 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
ევროპარლამენტარებს, რომლებიც ე.წ. დებიძინიზაციაზე საუბრობენ, მტრული მოტივაცია ამოძრავებთ, რაც ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმეა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის ეთანხმება თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც "დებიძინიზაციაზე" საუბრობენ, ქვეყნის მტრები არიან.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგიერთ ევროპარლამენტარს მტრული პოზიცია ამოძრავებს, რაც სამწუხაროა.

"მთლიანად ვეთანხმები კახა კალაძის განცხადებას, მან თქვა, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც ე.წ. დებიძინიზაციაზე საუბრობენ, ქვეყნის მტრები არიან, რა თქმა უნდა, მათ მტრული მოტივაცია ამოძრავებთ, რაც ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმეა. ევროპარლამენტარები არიან და ყველა პარლამენტში არიან ასეთი ადამიანები. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კონკრეტული შეთავაზება გვაქვს. ჩვენ ავიღეთ და ვთარგმნეთ უკრაინული კანონი, მცირე ადაპტაციით მოხდა მისი დაკოპირება და ახლა ეს საკითხი განიხილება სამუშაო ჯგუფში. რატომ უკრაინული კანონი? იმიტომ, რომ ქართულ რეალობაზე მორგებული არ არის, განყენებულ სივრცეში არის ჩამოყალიბებული", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, მოხვდება თუ არა ამ სიაში "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ის ვერ მოხვდება.

"ჩვენ თუ უკრაინულ კანონს ჩავხედავთ, უკრაინული კანონის მიხედვით, არის 4 კრიტერიუმი და ამის მიხედვით, სამს ოლიგარქი უნდა უკმაყოფილებდეს. უკრაინული კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ვერ ჩაითვლება ოლიგარქად. ივანიშვილს არ ერგება ეს კანონი, მაგრამ პირდაპირ ერგება არაერთ ადამიანს, რომელიც ოპოზიციასთან არის დაკავშირებული, ეს არის მაგალითად, კეზერაშვილი, ესენი არიან ხაზარაძე-ჯაფარიძე, სააკაშვილი, ეს არის ჭუტა წერეთელი", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ "ქვეყნის მტრები, ვითომ მეგობრულად შერაცხულები არიან".

დღის ამბები