47 წლის ელიზაბეთ ტრასი, მარგარეტ ტეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ, მესამე ქალია, რომელიც ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერის სავარძელს დაიკავებს. ფინალში ტრასმა მეტოქე - რიში სუნაკი, 20 000 ხმით დაამარცხა.
ტრასმა გაიმარჯვა, თუმცა ბრიტანელები საგარეო საქმეთა მინისტრისგან გაცილებით მეტი ხმის მიღებას ელოდნენ. ტრასმა ხმების 57% აიღო. ამ შედეგებით ის პირველი პრემიერია, რომელმაც წინამორბედებისგან განსხვავებით 60%-ზე ნაკლები ხმა მიიიღო, მაშინ როცა სამი წლის წინ ბორის ჯონსონის შედეგი 66,4% იყო.
ლიზ ტრასი ბოლო პერიოდის სკანდალების განმავლობაში, პრემიერ ჯონსონის ერთგული მხარდამჭერი იყო. მისი განსხვავებული იმიჯის ჩამოყალიბება კრემლის კრიტიკამ და ბრიუსელთან ბრექსიტის საკითხზე დაპირისპირებამ განაპირობა. ტრასი აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას. ბრიტანეთის პირველი დიპლომატი დიდი ხანია კონსერვატიული პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
როგორ გადალახავს წელს ბრიტანეთი მკაცრ ზამთარს და როგორ გაუმკლავდება ახალი ლიდერი ენერგოკრზისს - ეს ის მთავარი საკითხია, რომელზე პასუხს ამომრჩეველი ტრასისგან ელის. მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერობა მაშინ გადაიბარა, როცა ბრიტანეთის ეკონომიკა პოტენციურად ხანგრძლივი რეცესიის პირასაა, საცხოვრებელი ფასების კრიზისმა კი მთელი ქვეყანა მოიცვა.
ახალი პრემიერი პირველ მილოცვებს უკვე იღებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდანაც. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
ლიზ ტრასი ხვალ შოტლანდიაში გაემგზავრება, სადაც ელისაბედ მეორესთან შეხვედრას გამართავს. დიდი ბრიტანეთის დედოფალი პრემიერს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას დაავალებს.