27 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
არასრულწლოვანი შვილების თვალწინ დედისთვის ნასროლი თოფი - რა გახდა კიდევ ერთი ფემიციდის მცდელობის მიზეზი კახეთში

მცირეწლოვანმა შვილებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ ისროლა მამამ სანადირო თოფიდან და როგორ მოხვდა ტყვია დედას.

მეზობლები სოფელ ბოდბეში ცოლ-ქმარს შორის მომხდარ დეტალებზე საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, ჭრილობა ახალგაზრდა ქალს თავის არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ნათია აბაზაძე კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანა.

ტრაგედიის ადგილას მისულ სამართალდამცველებს სავარაუდო დამნაშავე - ქალის მეუღლე, სახლში დახვდათ. შმაგი ხუნაშვილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. რა მოხდა ოჯახში, ზუსტად არ იციან მეზობლებმა, რომლებიც ცოლ-ქმარს კარგად იცნობენ, ისინი ირწმუნებიან, რომ ჩხუბის ხმა გასროლამდე არ გაუგიათ.

ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ოფიციალურ მოტივად, შინაგანს საქმეთა სამინისტრომ უკვე დაასახელა ურთიერთშელაპარაკება.

27 წლის კაცი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება. ადვოკატი საქმის დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. ცნობილია, რომ შმაგი ხუნაშვილი დუმილის უფლებას იყენებს.

ნათია აბეზაძის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. ახალგაზრდა ქალი რეანიმაციულ განყოფილებაშია და მედიკოსები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ.

27 წლის ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება, სამართალდამცველებმა ნივთმკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი და სანადირო თოფი. მეუღლის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულისთვის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შმაგი ხუნაშვილს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

დღის ამბები