27 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
ამ კანონით ვიღებთ სახელმწიფო ორგანოების ხელში განუსაზღვრელ დისკრეციას ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით - ლონდა თოლორაია

ამ წუთებში პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. მთავარი საკითხი პრეზიდენტის ვეტოა. დეპუტატები ფარულ მოსმენა-მიყურადების თაობაზე მიღებულ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შენიშვნებს განიხილავენ. პრეზიდენტის შეფასებით, მმართველი გუნდის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს აუარესებს. სალომე ზურაბიშვილი კანონმდებლებს მოქმედი კანონის უცვლელი სახით დატოვებას სთავაზობს. "ოცნება" თვლის, რომ პრეზიდენტის პოზიცია უარგუმენტოა, ოპოზიცია კი ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "კანონის უზენაესობის" წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ ამ კანონის მიღებით სახელმწიფო ორგანოები ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განუსაზღვრელ დისკრეციას იღებენ.

"ჩვენ ფაქტობრივად ამ კანონით ვიღებთ სახელმწიფო ორგანოების ხელში განუსაზღვრელ დისკრეციას ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით და ამ განუსაზღვრელ დისკრეციას ვიღებთ სწორედ მაშინ, როცა არის არაერთი კითხვის ნიშანი საქართველოში უკანონო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. 

თითქმის ყველა ანგარიში, რომელიც დაიწერა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ, მისი წინამორბედის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ, - ყველგან იყო საუბარი რომ საქართველოში იყო ერთ-ერთი პრობლემა იმ ადამიანებისთვის ფარული მოსმენის შესახებ შეტყობინება, რომლებსაც უსმენდნენ," - თქვა თოლორაიამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი დაპირება 2012 წელს უკანონო მოსმენების დასრულება იყო, თუმცა მისი თქმით ეს მანკიერი პრაქტიკა გრძელდება.

"ერთ-ერთი მთავარი დაპირება 2012 წელს საქართველოს მოქალაქეების მიმართ იყო ის რომ მოსმენების და თვალთვალის პრობლემა, რომელიც გამოყენებულია ადამიანების სამართავად, იქნებოდა დასრულებული. ხელისუფლებაში ყოფნის მე-3 ვადაში ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ არ დაასრულა "ქართულმა ოცნებამ" მოსმენების და თვალთვალის გამოყენება ადამიანების დასაშანტაჟებლად და პოლიტიკური პროცესების სამართავად, არამედ აგრძელებს ამ უკიდურესად მანკიერ პრაქტიკას," - აცხადებს ნაცვლიშვილი.

დღის ამბები